“ერთი განცხადებიდან ნუ შევქმნით რაღაც ქარიშხალს” – ირაკლი კობახიძე

“პრეზიდენტისთვის გადადგომის რეკომენდაციით მიმართვა არასწორია”, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, არ შეიძლება ერთ განცხადებაზე ქარიშხლის შექმნა და ყველაფრის დრამატიზება.

„თუმცა, რაც შეეხება გადადგომას, ეს ჩვენი რეკომენდაცია ვერ იქნება. არასწორია პრეზიდენტის მიმართ ასეთი რეკომენდაციით მიმართვა. მით უმეტეს, ორი წუთის წინ ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, კრიმინალ დეპუტატს უნდა შეუწყდეს თუ არა სადეპუტატო უფლებამოსილება. ამას აყენებენ ეჭვქვეშ იგივე კოლეგები და ამ დროს, ისინი სხვა სტანდარტით გვესაუბრებიან პრეზიდენტზე. ეს არ არის სწორი. ჩვენ გვაქვს ერთი სტანდარტი პარლამენტის შემთხვევაში, მივიღებთ გადაწყვეტილებას კონსტიტუციის და რეგლამენტის შესაბამისად. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებებს, ყველას შეუძლია თავისი შეფასება გააკეთოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, პრეზიდენტის ამ განცხადებით მმართველი გუნდის რეპუტაცია ხომ არ ზიანდება, კობახიძე პასუხობს, რომ სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ შემადგენელი ნაწილი არ არის და შესაბამისად, მას აქვს თავისი დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა.

ამასთან, კითხვაზე, მმართველი გუნდი ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო პასუხისმგებლობას თუ გრძნობს, კობახიძემ აღნიშნა:

„განცხადება არ მოგვეწონა და ამასთან დაკავშირებით ვაკეთებთ შეფასებას. თუმცა რაღაციდან სხვა რაღაც არ უნდა შევქმნათ. როდესაც საუბარია პოლიტიკურ ცოდვებზე, ყველამ თავისი პოლიტიკური ცოდვები გაიხსენოს. ერთი განცხადებიდან ნუ შევქმნით რაღაც ქარიშხალს. მოდით, ამ ყველაფრის დრამატიზებასაც ნუ გავაკეთებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები