ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია ხვალიდან იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია ხვალიდან იწყება.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, სოფო გორგოძემ განაცხადა, რეგისტრაცია 10:00 საათზე დაიწყება და 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. მონაწილეობის მიღების მსურველებს შეუძლიათ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე (www.naec.ge და online.naec.ge) ელექტრონულად დარეგისტრირდნენ.

„მნიშვნელოვანია, რომ აბიტურიენტებმა, მაგისტრანტებმა და სტუდენტებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ რეგისტრაციის ვადებსა და ყველა ინფორმაციას, რომელიც ხვალ დილიდან დაიდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე“, – განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფო გორგოძემ.

აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება. პირველ, ძირითად ეტაპზე აბიტურიენტებს შეეძლებათ პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა. 3 აპრილის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა.

სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტს აპელაციების შედეგების გამოქვეყნების შემდეგი დღის ჩათვლით ექნებათ. პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის გაცნობა აბიტურიენტებს სპეციალური სისტემის მეშვეობით შეეძლებათ, რომელიც რეგისტრაციის დაწყებიდან ამოქმედდება და განთავსდება განახლებული ინფორმაცია კონკრეტულ პროგრამებზე განაცხადების რაოდენობის შესახებ.

ამასთან, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს შეახსენებს, რომ ორი ან მეტი არჩევითი საგნის მონიშვნის შემთხვევაში, თუკი ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრებიან (მინიმალური კომპეტენციის ზღვარს ვერ გადალახავენ), ან ერთ-ერთ არჩევითი საგნის გამოცდაზე ვერ გამოცხადდებიან, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას შეინარჩუნებენ.

საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია 3 აპრილის 18:00 საათამდე უნდა გაიარონ. სარეგისტრაციო ვადის ამოწურვის შემდეგ, მაგისტრანტობის კანდიდატები ვეღარ დარეგისტრირდებიან. რეგისტრირებული კანდიდატები ტესტის ტიპის შეცვლას 7 მაისის 18:00 საათამდე შეძლებენ.

მსგავსი თემები