“ერთადერთი, რითაც შევძლებთ კორონავირუსის შეჩერებას, მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა” – ხათუნა ზახაშვილი

„ის, რაც ჩვენმა მოქალაქეებმა შეძლეს ამ დრომდე, არის ძალიან დიდი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის შედეგი და ახლაც არ უნდა დავკარგოთ პასუხისმგებლობის გრძნობა“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

ხათუნა ზახაშვილმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ, რათა ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობა შენარჩუნდეს.

„ის, რაც რეკომენდებულია, უნდა დავიცვათ ყველამ, ყველგან და ყოველთვის. ეს ინფექცია არსად წასულა და არ არსებობს რაიმე ისეთი ტიპის სამსახური, რომელიც მარტო კონტროლით, თუნდაც ძალოვანი ღონისძიებების გატარებით, ჯარიმებით და ა.შ. შეძლებენ მის დამარცხებას. ერთადერთი, რითაც ჩვენ შევძლებთ კოვიდის შეჩერებას, არის მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რომლის ქონაც საქართველოს მოსახლეობამ უკვე დაამტკიცა.

ამიტომ ყველას მოვუწოდებ, ის რაც რეკომენდებულია, ყველამ როგორმე უნდა დავიცვათ. გახსოვდეთ, ჯანმრთელობის ფასი არაფერი გვაქვს და ნუ აჩქარდებით, დაელოდეთ შემდგომ ტრანსპორტს; თუ ტრანსპორტი არ არის ხელმისაწვდომი, გადაადგილდით ფეხით, როგორც ამდენ ხანს დავდიოდით; სწორად გამოიყენეთ ნიღაბი; ხშირად დაიბანეთ ან დაისუფთავეთ ხელები; დაიცავით სოციალური დისტანცია. ჯერჯერობით სხვა გზა და საშუალება ამ დაავადების საწინააღმდეგოდ არსად არ არსებობს“, – განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.

მსგავსი თემები