“ერთადერთი იმედი თქვენი გულმოწყალებაა, ქალბატონო პრეზიდენტო” – რამაზ დევაძის შეწყალების წერილი პრეზიდენტს (ექსკლუზივი)

“პოლიციის თანამშრომლის მხრიდან უკანონო ქმედებებმა გამოიწვია სწორედ კონფლიქტი სხვა პირებთან და მე ვცდილობდი მთვრალი, უკონტროლო და შეიარაღებული ადამიანისაგან, რომელიც შემდეგ პოლიციის მოქმედი თანამშრომელი აღმოჩნდა, დამეცვა კლუბში მყოფი ადამიანები,” – ასე მიმართა, პოლიციელის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულმა, რამაზ დევაძემ, პრეზიდენტს, შეწყალების თაობაზე, რომელიც “მედიაცენტრ მთავარს” ექსკლუზიურად მიაწოდეს.

რამაზ დევაძე შეწყალების წერილში წერს, რომ თარაშ მუკბანიანის დაღუპვის შესახებ, მისი დაკავების შემდეგ გაიგო. “მედიაცენტრი მთავარი” ექსკლუზიურად გთავაზობთ, რამაზ დევაძის მიმართვას, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ შეწყალების თაობაზე.

ქალბატონო პრეზიდენტო,

მოგმართავთ თხოვნით შეწყალების თაობაზე. გაცნობებთ, რომ ვარ მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის  ბერძნულ–რომაული სტილით ჭიდაობაში. დაკავების დროს ვეწეოდი სამწვრთნელო საქმიანობას, ახალგაზრდებს ვამზადებდი და ვუზიარებდი ჩემს გამოცდილებას, ხოლო ჩემი დაკავება მოხდა  2014 წლის 27 დეკემბრეს ქ. ბათუმში, ღამის კლუბ ,,ლეგასში“, თარაშ მუკბანიანის მკვლელობის ბრალდებით.

გამოძიება საქმეზე თავიდანვე წარიმართა არაობიექტურად.  კერძოდ, გაკეთდა ტენდენციური შეფასებები, რომ თითქოს ქვეყანაში პოლიციის თანამშრომლებზე დაიწყო თავდასხმები და ა.შ. პოლიციის ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ რატომღაც ხელოვნურად შექმნა უარყოფითი ფონი ჩემი პიროვნებისადმი და  ფაქტების გაყალბებით, ხელოვნურად მოახდინა ჩემი სტიგმატიზაცია, მაშინ როდესაც ჩემი ძმა   პოლიციელი იყო, ხოლო მე მყავდა და მყავს ბევრი მეგობარი პოლიციელი. რეალურად  პოლიციის თანამშრომლის მხრიდან უკანონო ქმედებებმა გამოიწვია სწორედ კონფლიქტი სხვა პირებთან და მე ვცდლობდი მთვრალი, უკონტროლო და შეიარაღებული ადამიანისაგან, რომელიც შემდეგ პოლიციის მოქმედი თანამშრომელი აღმოჩნდა, დამეცვა კლუბში მყოფი ადამიანები. თარაშ მუკბანიანი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით იმყოფებოდა კლუბში, ახორციელებდა უმისამართო სროლას ხალხმრავალ ადგილზე, რასაც მოჰყვა რამოდენიმე ადამიანის დაჭრა. მას შემდეგ, რაც თარაშ მუკბანიანმა ჩემი მიმართულებით დაიწყო სროლა, მე თავდამსხმელი მოვიგერიე ჭიდაობის ილეთით და შემდეგ წავართვი იარაღი, როდესაც ვცდილობდი წართმეული იარაღის განმუხტვას, სწორედ ამ დროს მოხდა შემთხვევითი გასროლა და ტყვია მოხვდა თარაშ მუკბანიანს. იგი ადგილზე გარდაიცვალა, თუმცა კლუბში არსებული სიბნელისა და არეულობის გამო  მე ეს არ შემინიშნავს ანუ ისე  დავტოვე შემთხვევის ადგილი, რომ მართლა არ ვიცოდი თარაშ მუკბანიანის დაღუპვის შესახებ, ეს გავიგე მხოლოდ დაკავების შემდეგ, რასაც არ ვიჯერებდი და ეს ჩემთვის შოკისმომგვრელი ფაქტი იყო.

საქმეზე ბრალდების მხარეს არ ჩაუტარებია ობიექტური და სრულყოფილი გამოძიება, მოყვანილი იქნა მხოლოდ ერთი ცრუ მოწმე, რომელსაც რეალურად არაფერი დაუნახავს და მისცა ცრუ ჩვენებები, რომლებიც წინააღმდეგობრივი იყო და არ შეესაბამებოდა საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებებს, მათ შორის ბრალდების მხარის ექსპერტიზის დასკვნებს. გამოძიებას ქმედითად არაფერი გაუკეთებია  სხვა მტკიცებულებების მოსაპოვებლად.

დაცვის მხარის მიერ, ადვოკატების და კვალიფიციური ექსპერტების მონაწილეობით ჩატარდა დამოუკიდებელი გამოძიება, მოპოვებული იქნა მტკიცებულებები და წარდგენილი იქნა სასამართლოში. მათ შორის ჩვენს მიერ დაინიშნა  და ჩატარდა ოთხი საექსპერტო კვლევა სხვადასხვა საექსპერტო დაწესებულებებში, ერთ–ერთი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. ასევე ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი ექსპერტების მონაწილეობით. ექსპერტიზის დასკვნებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად სრულად აღდგა მომხდარი შემთხვევის სრულყოფილი სურათი.  კერძოდ, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ვიდეო ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგად სრულად გაიშიფრა ამოღებული ვიდეოჩანაწერები და  დადგინდა გასროლის მომენტი, გასროლის ტრაექტორია ქვემოდან ზემოთ, რომელიც სრულ თანხვედრაში აღმოჩნდა ჩემს ჩვენებასთან. ასევე გაშიფრული ვიდეოკადრების კვლევის შემდეგ ჩატარდა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა კონფლიქტში მონაწილე პირების ფსიქო–ემოციური მდგომარეობის დადგენის მიზნით. დადგინდა, რომ გარდაცვლილი თარაშ მუკბანიანი მოქმედებდა აგრესიულად, მის ქმედებებში შეინიშნებოდა კონფლიქტის მაპროვოცირებელი ქცევები და არაადეკვატური ქმედებები. ასევე დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ შეფასდა ჩემი მოქმედებები და  იგი შეფასდა, როგორც დინჯი, გაწონასწორებული, კეთილგანწყობილი. ყველა საექსპერტო კვლევა იყო ერთმანეთთან თანხვედრაში და ადასტურებდა, რომ ჩემს მიერ განხორციელებული ქმედების კვალიფიკაცია იყო არა განზრახ მკვლელობა, არამედ სახეზე იყო გაუფრთხილებელი დანაშაული, სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის შემთხვევა, რაც ითვალისწინებს 2–დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

სასამართლო არ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე დაეცვა მართლმსაჯულება და მტკიცებულებების გარეშე, დამნაშავედ მცნეს განზრახ მკვლელობისათვის, ხოლო სასჯელის სახით შემეფარდა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.  უნდა აღინიშნოს, რომ დაზარალებულს, გარდაცვლილის მეუღლეს ქალბატონ  თამარ კაცაძეს არავითარი პრეტენზია ჩემს მიმართ არ აქვს. მან ნოტარიულად დამოწმებული განცხადებით ითხოვა კიდეც ჩემი შეწყალების შესახებ, რაც წარმოდგენილია საქმის სხვა მასალებთან ერთად წინა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. მიუხედავად გაუფრთხილებელი ბრალისა, მე როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი, რომელიც ვცხოვრობ ქრისტიანული წესებისა და მორალის დაცვით და მყავს მოძღვარი, ვიმყოფები ღრმა სინანულის მდგომარეობაში და დღესაც ვლოცულობ გარდაცვლილის სულისათვის. მე მყავს მეუღლე, დავქორწინდი თავისუფლების აღკვეთის პირობებში პენიტენციურ დაწესებულებაში. არ ვარ კრიმინალური ცნობიერების ადამიანი და მსურს ვემსახურო ჩვენს ქვეყანას როგორც ღირსეულმა მოქალქემ.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეალურად სასამართლო და მართლმსაჯულება ჩვენს სამშობლოში ხშირად გამოუსწორებელ შეცდომებს უშვებს და ერთადერთი იმედი უსამართლო სასამართლოს პირობებში, რაც ადამიანებს საქართველოში დაგვრჩა, არის მხოლოდ პრეზიდენტის შეწყალების უფლება, რომელიც არსებულ რეალობაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ჩემთვისაც ერთადერთი იმედი თქვენი გულმოწყალებაა ქალბატონო პრეზიდენტო. დანარჩენი სამართლებრივად რაც შეიძლებოდა, ყველა მტკიცებულება სახეზეა ექსპერტიზის დასკვნების სახით, რომლებიც წარდგენილი იქნა სასამართლოში, მაგრამ  მართლმსაჯულება არ აღსრულდა.

ქალბატონო პრეზიდენტო, ზემოაღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები ექსპერტიზის დასკვნების და სხვა მასალების სახით უკვე წარმოდგენილია წინა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჩემი ადვოკატის ირაკლი გაბრიჭიძის მიერ. ასევე წარმოდგენილია ქართული საზოგადოების სხვადასხვა ღირსეული წარმომადგენლების განცხადებები ჩემი შეწყალების თხოვნით, მათ შორის უშუალოდ დაზარალებულის განცხადება ჩემი შეწყალების თაობაზე, სპორტის სხვადასხვა ფედერაციების განცხადებები, ცნობილი ქართველი სუმოისტის ლევან გორგაძის (ტოჩინოშინის) თხოვნა. აღნიშნული განცხადებები პრეზიდენტის ადმნისტრაციაში შემოსულია  წერილის ნომრებით:

  1. ადვოკატის ირაკლი გაბრიჭიძის განცხადება შეწყალების თაობაზე, თანდართული დოკუმენტებით, რომელსაც ერთვის ასევე დაზარალებულის განცხადებაც ჩემი შეწყალების თაობაზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შემოსვლის თარიღი: – 21.05.2018, წერილის ნომერი: 1/11282;
  2.   უშუალოდ ჩემი განცხადება შეწყალების თაობაზე, შემოსვლის თარიღი: – 09.10.2018, წერილის

      ნომერი: 1/20450;

  •  განცხადება ჭიდაობის ფედერაციიდან, შემოსვლის თარიღი: – 07.11.2018, წერილის ნომერი:

    1/22345;

  •  მოძღვრის დახასიათება, შემოსვლის თარიღი: – 12.10,2018, წერილის ნომერი: 1/20926. ასევე წარმოდგენილია სხვა განცხადებებიც, რომელთა ნახვა ასევე შესაძლებელია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

გთხოვთ, ღვთის გულისათვის აღასრულოთ სამართალი  ჩემს მიმართ და  გამოიყენოთ შეწყალების უფლება, რათა დროულად შევძლო დავუბრუნდე საზოგადოებას ღირსეულ წევრად, გავაგრძელო ჩემი სამწვრთნელო საქმიანობა და ამისათვის  მადლიერი ვიქნებით მე და ჩემი ოჯახი, ასევე ჩემი მეგობრები მთელი ცხოვრების განმავლობაში. 

მსგავსი თემები