“ერთმანეთს აღდგომის დღესასწაულის განწყობა გაუზიარეთ და არა ვირუსი!” – საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა

საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლობა ქვეყნის მოსახლეობას აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მიმართავს და მოუწოდებს თითოეულ ოჯახს საქართველოში, წელს აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნისას, პირველ ადგილზე დააყენონ საზოგადოების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. 

„აღდგომა საქართველოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი დღესასწაულია, რომელსაც მრავალი ოჯახი ერთად აღნიშნავს. დღეს საზოგადოების სააღდგომო განწყობა ასევე გულისხმობს პასუხისმგებლობის აღებას კორონავირუსისგან საკუთარი თავისა და სხვათა დასაცავად.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოსახლეობა გაგებით ეკიდება და იცავს მთავრობის რეკომენდაციებს, რომლებიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევით შემუშავებულ პროფილაქტიკურ ზომებს ეფუძნება. ამის შედეგად კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა კონტროლს ექვემდებარება და ბევრი ადამიანის სიცოცხლე გადარჩა. ეს ტენდენცია უნდა გაგრძელდეს.

მოვუწოდებთ თითოეულ ოჯახს საქართველოში, წელს აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნისას, პირველ ადგილზე დააყენონ საზოგადოების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. გთხოვთ, დარჩეთ სახლში, ნუ შეიკრიბებით, რომ თქვენ და თქვენი ახლობლები ჯანმრთელად იყოთ ამ უჩვეულო ვითარებაში.

უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, შორს თუ ახლოს მყოფ ახლობლებთან დასაკავშირებლად გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები, რადგან ფიზიკური დისტანცია არ არის სოციალური იზოლაცია. მოდით, ასეთი დისტანციური კავშირებით აღვნიშნოთ ყველამ ერთად ეს დღესასწაული. ფიზიკური დისტანციის წესების დაცვით ჩვენ ვიცავთ საკუთარ თავს, ჩვენს საყვარელ ადამიანებს და მთელ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი ყველაზე დაუცველებს: ხანდაზმულებს, სუსტი იმუნური სისტემისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებს.

რეკომენდაციების შესრულებით ასევე დავიცავთ ჯანდაცვის მუშაკებსა და ამ სფეროში დასაქმებულებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობენ კორონავირუსის დასამარცხებლად პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან. ჩვენ უნდა დავრჩეთ სახლში, რომ ისინი იყვნენ ჯანმრთელად და დაავადებულთა მკურნალობა შეძლონ.

საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნის ყველა მცხოვრებს, სახლში დარჩენით განაგრძონ თავიანთი მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა კორონავირუსთან ბრძოლაში. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ბედნიერ აღდგომას უსურვებს საქართველოს ყველა მცხოვრებს, რომლებიც აღდგომის დღესასწაულს ზეიმობენ!“ – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები