ენიო მორიკონე მსოფლიო ტურნეს საქართველოდან იწყებს – მაესტოს 60 წელი შეუსრულდა

ლეგენდარული იტალიელი კომპოზიტორი ენიო მორიკონე, თავისი 60 წლის იუბილეს ფარგლებში  მსოფლიო ტურნეს მართავს, რომელსაც  საქართველოდან დაიწყებს. კომპოზიტორი საქართველოში “ჩექინ ჯორჯიას” ფარგლებში ჩამოვა.  19 მაისს, მისი კონცეტრით  “ბლექსი არენას” 2018 წლის სეზონი საზეიმოდ გაიხსნება.  კონცერტი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს ეძღვნება.

ენიო მორიკონე კონცერტს რომის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამართავს.  მაესტრო პირადად უდირიჟორებს ორკესტრს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ოპერის გუნდი 70-კაციანი შემადგენლობით.

მორიკონემ მრავალწლიანი წარმატებული კარიერის განმავლობაში 600-ზე მეტი მუსიკალური ნაწარმოები შექმნა. აქედან 500-ზე მეტი კინოსა და ტელევიზიისთვის. კომპოზიტორს ეკუთვნის ბრწყინვალე საუნდტრეკები ისეთი ფილმებისთვის, როგორიც არის “ერთხელ ამერიკაში”, “მისია”, “ხელშეუხებელნი”, “ერთი მუჭა დოლარისთვის” და სხვ. მაესტროს მიერ შექმნილი მუსიკა ფილმისთვის “კარგი, ცუდი, ბოროტი” მსოფლიოს საუნდტრეკების ორასეულშია შესული. ენიო მორიკონეს კონცერტის ბილეთების გაყიდვა საიტზე tkt.ge 20 აპრილიდან დაიწყება. ბილეთის საწყისი ფასი 60 ლარია.

ენიო მორიკონე ტურნეს შესახებ: „სხვადასხვა ასაკისა და კულტურის მქონე მსმენელის წინაშე ჩემი მუსიკის შესრულება საოცრად საინტერესო გამოცდილებაა. წელს აღვნიშნავ ჩემი შემოქმედებითი ცხოვრების 60 წლისთავს… ტურნეს ფარგლებში ვასრულებ კომპოზიციებს სერჯიო ლეონეს ფილმებიდან, ასევე „მისიიდან“, მაგრამ ტურნეს საერთო კონცეფცია მაინც განსხვავებულია, რადგან ვგეგმავ, წარმოვადგინო მუსიკა, რომელიც კვენტინ ტარანტინოსთან თანამშრომლობისას შეიქმნა და ასევე კომპოზიციები სერჯიო ლეონეს ფილმებიდან, რომლებიც სხვა კონცერტებზე არ წარმომიდგენია“.

როგორც „ბლექ სი არენას“ სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, 18 აპრილს თბილისის სახელმწიფო ოპერის თეატრის შენობაში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, კომპოზიტორი თანმხლებ პირებთან ერთად ჩარტერული რეისით, კონცერტამდე ერთი დღით ადრე, 18 მაისს ჩამოფრინდება. სულ საქართველოში 121 ადამიანი ჩამოვა. სტუმრები ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დაბინავდებიან.

მსგავსი თემები