“ენგურის დაკეტვის გამო, აბიტურიენტების გარკვეულ რაოდენობას პრობლემა შეექმნა”- ირინა აბულაძე

“ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი სესია დაიწყო, ყველაფერი წესრიგშია. გამოცდების შედეგების გამოქვეყნება პირველ აგვისტოს დაიწყება, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრში განაცხადა, სადაც რეგისტრაციის პროცესს დაესწრო.

მისი თქმით, ჯერჯერობით ზუსტი მონაცემები იმისა, იყო თუ არა აბიტურიენტების მხრიდან გამოცდაზე დაგვიანების შემთხვევები, ჯერჯერობით არ აქვთ.

„გამოცდების პირველი სესია 09:00 საათზე დაიწყო ყველა საგამოცდო ცენტრში. არის ერთეული შემთხვევები, სადაც შესაძლოა, აბიტურიენტმა დააგვიანა ან შეეშალა საგამოცდო ცენტრი. დღეს და ხვალ მიმდინარეობს გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში. შედეგების გამოქვეყნება დაიწყება პირველი აგვისტოდან. საგამოცდო ცენტრებში სველი წერტილების განახლება მოხდა, გაგრილების სისტემა მუშაობს ყველგან“, – განაცხადა აბულაძემ.

რაც შეეხება ენგურის ე.წ. გამშვები პუნქტის დაკეტვის გამო შექმნილ პრობლემებს, აბულაძის განცხადებით, აბიტურიენტების გარკვეულ ნაწილს, გადმოსვლის პრობლემა შეექმნა, თუმცა შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თითოეულ მათგანს უმაღლესი განათლების მიღების საშუალება ჰქონდეთ:

“ჩვენი ინფორმაციით, აბიტურიენტების ნაწილმა ენგურის ხიდიდან შეძლო გადმოსვლა. ველოდებით ყოველდღე სიტუაციის გაუმჯობესებას. ენგურის ე.წ. გამშვები პუნქტის დაკეტვის გამო, აბიტურიენტების გარკვეულ რაოდენობას შეექმნა პრობლემა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათ მიეცეთ შესაძლებლობა უმაღლესი განათლების მიღების. მივუწოდებ აბიტურიენტებს, მიუხედავად იმისა, მათ შეძლეს თუ არა პირველ გამოცდაზე მისვლა, აუცილებლად როგორც კი შესაძლებლობა ექნებათ შემდგომ გამოცდებში მიიღონ მონაწილეობა. ჩვენ დავაკვირდებით პროცესს და საბოლოო ჯამში, მივიღებთ გადაწყვეტილებას როგორ და რა სქემით უზრუნველვყოთ მათვის განათლების ხელმისაწვდომობა”,- განაცხადა აბულაძემ.

წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სულ 41 ათასი აბიტურიენტია დარეგისტრირებული. გამოცდები 23 ივლისს, ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

მსგავსი თემები