ემიგრანტებს სურთ საპენსიო დანაზოგი სამშობლოში გადმოიტანონ – ზაალ სარაჯიშვილი

“დიასპორული ინვესტიციების მხარდამჭერი ასოციაციის“ პრეზიდენტი ზაალ სარაჯიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში, საპენსიო რეფორმის ფარგლებში, ემიგრაციის საკითხი გათვალისწინებული არ არის. ემიგრანტები დაგროვებული საპენსიო დანაზოგის საქართველოში შემოტანას, ახალი საპენსიო რეფორმის მიხედვითაც ვერ ახერხებენ.

როგორც მედიაცენტრ „მთავარს“ ზაალ სარაჯიშვილმა განუცხადა, საზღვარგარეთ ლეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების საპენსიო დანაზოგი, რომლებიც კონტრაქტის საფუძველზე მუშაობენ,  ადგილსამყოფელ საპენსიო ფონდებშია განთავსებული.

„პარლამენტში საპენსიო რეფორმაზე საუბარი აქტიურად მიმდინარეობს. კანონპროექტს გავეცანით, თუმცა, ემიგრანტები გათვალისწინებული არ არის”, – აცხადებს იგი.

სარაჯიშვილის განმარტებით, საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, უცხოეთში ლეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც კონტრაქტის საფუძველზე მუშაობენ სხვადასხვა ქვეყანაში, ისინი ვალდებულები არიან, ადგილსამყოფელ საპენსიო სისტემაში გადარიცხონ სავალდებულო შენატანი, რაც მათი ხელფასიდან იქვითება. შესაბამისად, მათ უგროვდებათ გარკვეული თანხა საქართველოს ფარგლებს გარეთ, რომლის მიღება მას შემდეგ შეუძლიათ, რაც საპენსიო ასაკს მიაღწევენ.

“მაგრამ ეს ადამიანები საპენსიო ასაკამდე უცხოეთში დარჩენას არ აპირებენ, ამიტომ, მათ გაუჩნდათ აბსოლუტურად ლოგიკური კითხვა, თუ საქართველო დაგროვებით საპენსიო სისტემაზე გადადის, არსებობს თუ არა შესაძლებელია, უცხოეთში დაგროვილი თანხა საქართველოში გადმოიტანონ. დღეს არსებული საკანონმდებლო პაკეტით, მათ მსგავსი შესაძლებლობა არ ეძლევათ”, – განმარტავს სარაჯიშვილი.

რაც შეეხება უცხოეთში არალეგალურად დასაქმებულებს, მართალია ისინი მუშაობენ, თუმცა სამუშაო კონტრაქტები არ აქვთ და შესაბამისად, არც გადასახადებს იხდიან და არც საპენსიო შენატანს, ვერც ადგილსამყოფელ ქვეყანაში და ვერც საქართველოში. ამდენად, არალეგალური სტატუსის არმქონე საქართველოს მოქალაქე, ვერც ადგილსამყოფელ ქვეყანაში აგროვებს საპენსიო დანაზოგს სიბერისთვის და ვერც საქართველოში.

მისივე თქმით, ასოციაცია გეგმავს პარლამენტს შესაბამისი წინადადებებით მიმართონ და მოითხოვონ,  საკანონმდებლო პროექტში გაკეთდეს ჩანაწერი, რომლის საფუძველზეც საზღვარგარეთ დაგროვილი საპენსიო დანაზოგის საქართველოში გადმოტანა იქნება შესაძლებელი.
სარაჯიშვილი იმედოვნებს, რომ საპენსიო რეფორმის ფარგლებში, ემიგრაციის საკითხი გათვალისწინებული იქნება.

 

მსგავსი თემები