“ელიავას ბაზრობა” საფრთხეს უქმნის მოქალაქეების ჯანმრთელობას – თბილისის მერიის ჩარჩო გეგმა 

თბილისის მერია ე.წ ელიავას ბაზრობისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის შემდგომ განვითარებაზე ტენდერს აცხადებს. დედაქალაქის მთავრობაში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული ბაზრობა და იქ  არსებული ობიექტები ტვირთავს და აფერხებს საგზაო მოძრაობას, იგნორირებულია მდინარესთან კავშირის შესაძლებლობა, არსებულ სარეკრეაციო სივრცეებს დაკარგული აქვს თავდაპირველი ფუნქცია, აღინიშნება ნიადაგისა და ჰაერის დაბინძურების მაღალი რისკები რაც ასევე საფრთხეს უქმნის ტერიტორიაზე მაცხოვრებლების ჯანმრთელობას.

დედაქალაქის მერია, ე.წ. ელიავას ბაზრობასთან ერთად, ტენდერს რამდენიმე ტერიტორიის სამომავლო განვითარებისთვისაც აცხადებს. კერძოდ, საუბარია ვარკეთილის III მასივის, „აკადემ“ ქალაქის, დოლიძე-ხილიანის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიისა და ორთაჭალის ბაღების ჩარჩო გეგმების შემუშავებაზე.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია განმარტებული, ვარკეთილის III მასივის ტერიტორია განაშენიანებულია ე.წ ხრუშოვკის ტიპის მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსებით, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი ავარიულია. საპროექტო არეალის საცხოვრებელი ფონდი საჭიროებს ფიზიკურ გაჯანსაღებას, და ამასთან, პრიორიტეტულია მაღალი ხარისხის საცხოვრებელი გარემოს შენარჩუნება.

სატენდერო წინადადებების მიღება 22 სექტემბერს დაიწყება და 25 სექტემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 300 000 ლარია. თითოეული ჩარჩო გეგმის შემუშავების გეგმა-გრაფიკი უნდა შედგებოდეს ორი ძირითადი ეტაპისაგან: I ეტაპი წინასაპროექტო კვლევა და ხედვა (არაუგვიანეს 180 კალენდარული დღისა); II ეტაპი საპროექტო წინადადება (არაუგვიანეს 365 დღისა).

 

 

მსგავსი თემები