ეკონომიკის შემოსავლები თანაბრად უნდა განაწილდეს მოსახლეობაში – ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატად დასახელებული გიორგი ქობულია​ მიიჩნევს, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მდგომარეობს არა მხოლოდ ეკონომიკურ ზრდაში, არამედ ეკონომიკის შემოსავლების მოსახლეობაში თანაბარ განაწილებაში. ასეთი მიდგომა ახალ მთავრობას საშუალებას მისცემს ამაღლდეს ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობა.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეკონომიკაში ძალიან დიდი ყურადღება დაეთმობა სოფლის და რაიონის განვითარებას, რადგან რაიონებსა და სოფლებში დღეს სიღარიბის დონე გაცილებით მაღალია.

​მისივე თქმით, სერიოზული ინვესტიციების მოზიდვა იგეგმება აგრარულ და მომიჯნავე სექტორებში, ასევე,  საშუალო და მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად. დიდი ყურადღება დაეთმობა კერძო ინდუსტრიალიზაციას და ტექნოლოგიებზე დამყარებული ეკონომიკის განვითარებას. ყურადღება დაეთმობა აღსრულების დისციპლინის გამყარებას.

გიორგი ქობულიამ საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გააცნო და განაცხადა, რომ უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში შეძენილი ცოდნა ქვეყანას გამოადგება.

” უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში ვმოღვაწეობდი ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიაში, რომელის მსოფლიოს მოწინავე კომპანიებს უწევს მომსახურებას. მე პირადად ვუწევდი კონსულტაციას მსოფლიოს საერთაშორისო ლიდერ კომპანიებს ურთულესი პრობლემების გადაჭრაში. ვთვლი, რომ ეს გამოცდილება, რომელიც 18 წლის განმავლობაში შევიძინე, შეიძლება გამოადგეს საქართველოს და მზად ვარ, ეს გამოცდილება მოვიტანო ქვეყანაში,“ – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგენლობა დღეს  წარადგინა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე დასახელდა მიხეილ ბატიაშვილი, ფინანსთა მინისტრად – ივანე მაჭავარიანი, ხოლო ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ქობულიას კანდიდატურა წარადგინა.   დანარჩენი მინისტრები თანამდებობებს ინარჩუნებენ.

მთავრობაში სულ 10 მინისტრი და 1 სახელმწიფო მინისტრი იქნება. მთავრობის ადმინისტრაციას კი სასჯელთაღსრულების ყოფილი მინისტრი კახა კახიშვილი უხელმძღვანელებს.

 

მსგავსი თემები