ეკონომიკის სამინისტროს ავტომობილების ტექდათვალიერების ბაზრის მონოპოლიზებაში ადანაშაულებენ  

„საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციაში“ ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების ბაზარზე არსებულ პრობლემებზე საუბრობენ და ეკონომიკის სამინისტროს ამ სფეროში მონოპოლიური გარემოს შექმნაში ადანაშაულებენ. ასოციაციის წარმომადგენლები მოუწოდებენ ხელისუფლებას ამ საკითხთან დაკავშირებით ზომები დროულად მიიღოს.​

​როგორც “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე დღეს, ასოციაციის ხელმძღვანელმა ვაჟა იორდანიშვილმა განაცხადა, ინსპექტირების ბიზნესში მონოპოლია მოიპოვა ისეთმა კომპანიამ, რომელსაც არა მხოლოდ ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების გამოცდილება, შესაბამისი ბაზა, აღჭურვილობა და პერსონალიც კი არ გააჩნია. კერძოდ, საუბარია სადაზღვევო კომპანია “ალდაგის“ შვილობილ კომპანია „პრემიუმ რეზიდენსზე“, რომელიც ეკონომიკის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ოპერირებს სახელით “გრინვეი საქართველო“.

მისივე თქმით, ამ კომპანიის ბაზარზე შემოყვანის შემდეგ განვითარებულმა პროცესებმა მრავალი კითხვა გააჩინა. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ „პრემიუმ რეზიდენსმა“ ბაზარზე, ფაქტობრივად აბსოლუტური შეზღუდვის გარეშე, მონოპოლიურ მდგომარეობაში იმოქმედოს.

„მთავრობის მეთაურსა და ეკონომიკის მინისტრს ოფიციალური წერილით მივმართეთ. ვთხოვთ, დროულად მიიღონ ზომები პრობლემების გამო, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლების არაადეკვატური ქმედებებისა და მიდგომების გამო რეფორმის დაწყების საწყისი ეტაპიდან, მიმდინარე წლის დასაწყისიდან შეიმჩნევა. პირველ იანვრამდე საქართველოს მასშტაბით მოქმედებდა ინსპექტირების 27 ცენტრი, მაგრამ ეკონომიკის სამინისტრომ გადაწყვეტილებით, კომპანიებს, რომლებსაც 11 დეკემბრამდე ჰქონდა გარკვეული ტრანსაქციები განხორციელებული გაფართოებასთან დაკავშირებით, იმათ მიეცათ გაფართოვების შესაძლებლობა, დანარჩენს არა, ფაქტობრივად ჩაიკეტა სისტემა და ბიზნესი ვერ გაფართოვდა”, – აცხადებს ვაჟა იორდანაშვილი.

​მისივე თქმით, ​საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ კომპანიას ტენდერისა და ეკონომიკის სამინისტროსთან გაფორმებული კონტრაქტის პირობები უკვე დარღვეული აქვს. არ წარმოუდგენია დოკუმენტაცია და ინსპექტირების ცენტრების მშენებლობაც კი არ დაუწყია.

ვაჟა იორდანიშვილის თქმით, რეფორმის საწყის ეტაპზე გაუმჭვირვალედ წარმართულმა პროცესმა და სისტემური ხასიათის პრობლემებმა შესაძლოა, ჩრდილი მიაყენოს ან შეაფერხოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის პროცესი. აღნიშნულმა გააჩინა ბიზნესის ამ სფეროს არაეთიკური ქმედებებით მონოპოლიზებისა და კონკურენციის შეზღუდვის მოლოდინი, რაც არა მხოლოდ მოსახლეობას და ბიზნესს, მთავრობასაც დააზარალებს.

„ჩვენ დაინტერესებული ვართ წვლილი შევიტანოთ საქართველოში საავტომობილო ტრანსპორტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემის რეფორმასა და საქართველოს ევროასოცირების პროცესში. სწორედ ამიტომ გასული წლიდან აკრედიტაციის პროცესში ჩვენი მონაწილეობით მხარს ვუჭერთ გაცხადებული რეფორმის მიზანს. რეფორმის სრულმასშტაბიან ამოქმედებამდე მცირე დროა დარჩენილი, მიმდინარე რეფორმის მიმდინარეობისა და შედეგების განხილვა-კორექტირება წლის ბოლომდე უნდა მოესწროს. რეფორმის მიმდინარეობის შედეგები, შეცდომები თუ ხარვეზები კი სწორედ ინსპექტირების ბიზნესის, ასოციაციის წევრ კომპანიების გამოცდილებაშია დაგროვილი“, – აცხადებს ვაჟა იორდანიშვილი.

მსგავსი თემები