„ეკლესიის საქმეებს ტელევიზიებში კი არ უნდა არჩევდნენ, საეკლესიო სასამართლო უნდა იხილავდეს“  – დეკანოზი

ბოლო პერიოდში, საპატრიარქოსთან არსებულ დაპირისპირებასა და სასულიერო პირების მხრიდან ბრალდებებთან დაკავშირებით, დღის წესრიგში დადგა საეკლესიო სასამართლოს ფუნქციონირების საკითხი. სასულიერო პირები აღნიშნულ ინიციატივას მიესალმებიან და „მედიაცენტრ მთავართან“ აცხადებენ რომ ის საკითხები, რაც ეკლესიას უკავშირდება, ტელევიზიებსა თუ ქუჩაში არ უნდა ირჩეოდეს.  

როგორც დეკანოზმა “მედიაცენტრ მთავართან” განაცხადა, საეკლესიო სასამართლოს არსებობის შემთხვევაში, საეკლესიო საქმეები ტელევიზიაში აღარ განიხილება. 

“საეკლესიო სასამართლო უნდა იყოს. ეკლესიის შიდა საქმეები ტელევიზიაში კი არ უნდა განიხილებოდეს, საეკლესიო სასამართლო უნდა იხილავდეს. ბუნებრივია, ამ ინიციატივის მომხრე ვარ. დღეს, ეპისკოპოსი, ვისაც უნდა იმ მღვდელს რომ სჯის, საეკლესიო სასამართლოს შემთხვევაში, ასე არ იქნება”, – განაცხადა დეკანოზმა დავით ქვლივიძემ “მედიაცენტრ მთავართან”.

დეკანოზი “მედიაცენტრ მთავართან” საეკლესიო სასამართლოს წესებზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, მოსარჩელე, რომელიც ვერ დაამტკიცებს ბრალს, იმ სასჯელით დაისჯება, რა სასჯელსაც ითხოვს ბრალდებულისთვის. დეკანოზი დავით ქვლივიძე აღნიშნავს, რომ საეკლესიო სასამართლო, სჯულის კანონით ხელმძღვანელობს. 

“შეიტან სარჩელს მღვდელზე, იმსჯელებენ, თუ ვერ დაუმტკიცებ, თვითონ ისჯები. სჯულის კანონით იქნება ყველაფერი. ეკლესიაში არის მთავარი წესი: ვერ დაუმტკიცებ, შენ თვითონ ისჯები იმით, რასაც მისთვის ითხოვს სასჯელად. ამავდროულად 2 ან 3 მოწმე უნდა გყავდეს,” – განაცხადა დეკანოზმა დავით ქვლივიძემ “მედიაცენტრ მთავართან”. 

შეგახსენებთ, რომ „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI”-ის დირექტორმა ზვიად ტომარაძემ საეკლესიო სასამართლოს შექმნის ინიციატივით გამოდის.

„როგორც ჩემთვის ცნობილია, 15 მართლმადიდებლური ეკლესიიდან მხოლოდ საქართველოს ეკლესიას არ აქვს საეკლესიო სასამართლო. ვფიქრობ, აუცილებლად უნდა აღდგეს საეკლესიო სასამართლო, რომელიც განიხილავს ბრალდებებს სასულიერო პირების მიმართ და საეკლესიო სამართლის მიხედვით გაასამართლებს მათ. როდესაც ეს მოხდება, არც ტელეკომპანიების გასარჩევი გახდება ეკლესიის საქმეები, არც ერი დაბრკოლდება და არც ცილისწამება ექნება ადგილი ღირსეული მღვდელმთავრებისადმი! უღირსი სასულიერო პირები კი განიკვეთებიან!” – აცხადებს ტომარაძე.

აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით, დღეს, 12:00 საათზე, ზვიად ტომარაძე „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მსგავსი თემები