ეკა ბესელია: მინდა ვუთხრა მათ, ვინც დგას ამ ყველაფრის უკან, – ეტყობა, თქვენ მე არ მიცნობთ!

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, პირველ კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ დამნაშავეებს ქართულ ოცნებასთან დაპირისპირებულთა რიგებში და მოსამართლეთა ჯგუფში ხედავს.  

დეპუტატი სავარაუდო დამნაშავეთა წრეს ავიწროვებს და თვლის, რომ მისი მისამართით განხორციელებული მორალური ტერორის უკან, მასთან დაპირისპირებული მოსამართლეები და მათი პოლიტიკური ლობისტები დგანან, თუმცა კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს.

„მინდა ვუთხრა მათ, ვინც დგას ამ ყველაფრის უკან, თქვენ უბრალოდ, მე არ მიცნობთ, ეტყობა, კარგად! მე ვავიწროვებ იმ სავარაუდო პირთა წრეს, ვის ინტერესებშიც შედიოდა ეს ანგარიშსწორება. ვისი ხელწერაა ეს? – ეს არის სააკაშვილის რეჟიმის ხელწერა, მათ ჰქონდათ მცდელობა ამ გზით შანტაჟის. ამ ჯგუფს დაემატნენ ის ადამიანები, დღეს ვისთანაც მაქვს ღია კონფლიქტი, მათ შორის, ვინც ამ ჯგუფს ლობირებს და ემეგობრება. ვერ გაიგებთ ჩემგან დღეს მათ გვარებს, ჩვენ არ გველაპარაკებიან დღეს პოლიტიკური ოპონენტები, ამ როლში არიან მოსამართლეები, ღია პოლიტიკურ პროცესში შემოვიდნენ და მე მგონია, რომ თავიანთი თავი გაშიფრეს“, – აცხადებს ბესელია.  

დეპუტატი საკუთარ თანაგუნდელებზე არანაკლებ სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ 2016 წლიდან, მმართველ გუნდში, მოძალადეების ფრაგმენტული ანასხლეტები გამოჩნდნენ, რომლებიც ქვეყნის სადავეებთან დგანან.

„სამწუხაროდ, ამის ფრაგმენტულ ანასხლეტებს ვხედავ შიგნით, რომლებიც სადავეებთან არიან და არ შეიძლება სახელმწიფო სადავეებთან იყვნენ ადამიანები, ვისაც არა აქვთ მაღალი მორალური და ადამიანური პოზიციები“- აღნიშნავს ეკა ბესელია.  

მსგავსი თემები