ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ კარანტინის წესების დარღვევისთვის დაწესებული სანქციები უნდა შემსუბუქდეს

დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ კარანტინის წესის განმეორებით დარღვევისთვის პატიმრობასთან ერთად, კანონში ალტერნატივად გათვალისწინებული უნდა იყოს ჯარიმა.

„რაღაც ინკვიზიციურ გზას დაადექით. ადამიანს ციხეში უშვებ, პირდაპირ თავისუფლების აღკვეთაა იმის გამო, რომ შეიძლება, კარანტინის წესის ძალიან უმნიშვნელო დარღვევა იყოს, შეიძლება მძიმეც იყოს, მაგრამ უმნიშვნელო დარღვევის მაგალითს გეტყვით.

არ არის ინფიცირებული, კარანტინში გადაიყვანეს, ჩამოვიდა უცხოეთიდან, გაიგო, რომ ოჯახის წევრი გარდაეცვალა და ამ ემოციის შედეგად, გარბის სახლში. აი, ამ კანონით ციხეში გადაგყავს ადამიანი პირდაპირ, ჯარიმაც კი არ გვაქვს. არ შეიძლება, ხალხო, ასეთი კანონების მიღება. ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში კანონმდებელი ჩაწერდა, რომ ალტერნატივის სახით იყოს ჯერ, მაგალითად, ჯარიმა.

სისხლის სამართლის წესით რომ აძლევ პასუხისგებაში, ამ დროს შეიძლება დააწესო ჯარიმა, რადგან შეიძლება მართლა მსუბუქი დარღვევა ჰქონდეს და თუ გაქვს მძიმე დარღვევა შეიძლება გადახვიდე მძიმე სახდელზე. პირდაპირ რომ ციხეში უშვებ ადამიანს, თავისუფლების აღკვეთა ან შინაპატიმრობა, ალტერნატივაც კი არ არის. ეს არის ინკვიზიციური, რეპრესიული მიდგომა და არ ვარგა-თქო, ამას გეუბნებით და გთავაზობთ, რომ შეამსუბუქოთ“,- განაცხადა ბესელიამ

მსგავსი თემები