“ეკა ბესელია იმ გუნდის წევრია, რომელმაც “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოიყვანა” – მირიან წიკლაური

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მირიან წიკლაური აცხადებს, რომ პარტია “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოყვანაში ეკა ბესელიას დიდი წვლილი მიუძღვის. მან ამისთვის დიდი შრომა გასწია და როდესაც უმრავლესობაში რაიმე საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება, ბესელიას მოსაზრებები გასათვალისწინებელია, ისევე, როგორც გედი ფოფხაძის.  

წიკლაურის აზრით, არასწორია დამოკიდებულება, რომ პარტიიდან იმ დეპუტატების გარიცხვის საკითხი დადგეს, რომლებიც არ იზიარებენ თანაპარტიელების ზოგიერთ მოსაზრებას. 

​როგორც მირიან წიკლაურმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაზე განსახილველ თემებს შორის იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სია. აღნიშნულ სიასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები მასაც აქვს და მიაჩნია, რომ მოსამართლეების შერჩევის პროცესი სხვაგვარად უნდა წარიმართოს.

“ცოტა ხნის წინ შეხვდი ეკა ბესელიას და აღნიშნულ საკითხზე ვისაუბრეთ. რა თქმა უნდა კონსულტაციებს გავდივარ ორივე მხარესთან, მაინტერესებს საკითხისადმი მათი დამოკიდებულია. ეკა ბესელიას აზრი არის ასეთი, რომ უნდა დაიწეროს კანონი, რომელიც განსაზღვრავს არჩევის წესს და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა აირჩიონ მოსამართლეები. მიმაჩნია რომ ეკა ბესელია არის იმ გუნდის წევრი, რომელმაც ხელისუფლებაში  “ქართული ოცნება” მოიყვანა, ის პირველი დღიდან იყო ჩართული ამ ბრძოლაში. მისი ბევრი შრომაც არის ჩადებული ამაში. თუ რამე გადაწყვეტილება მიიღება გუნდში, ეკა ბესელიას აზრიც გასათვალისწინებელია, ასევე, გედი ფოფხაძის,” – აცხადებს მირიან წიკლაური.

​დეპუტატის ინფორმაციით, საპარლამენტო ჯგუფი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც საკუთარ ხედვას უმრავლესობის ხვალინდელ სხდომაზე წარმოადგენს. სხდომას “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.

მსგავსი თემები