ეკა ბესელიას ვიდეოჩანაწერების გავრცელებისთვის დაკავებულებს 4-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გავრცელების გამო დაკავებულებს სასამართლო განაჩენს დღეს გამოუტანს. 2 თებერვლის მონაცემებით დაკავებულია 17 ადამიანი. თუმცა, დეპუტატი ეკა ბესელია, ვისაც აღნიშნული ვიდეოჩანაწერი ეხება, აცხადებს, რომ დამნაშავე პირთა წრე გაიზრდება და ის სათავემდეც მივა.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის ის ადამიანები არიან, ვინც სოციალურ ქსელში ვიდეოჩანაწერი მიიღო, ნახა, სხვას გადაუგზავნა და შეინახა. დაკავებულთა უმეტესობა დანაშაულს არ აღიარებს. დაკავებულებს შორის არის ის პირიც, ვინც ვიდეო „იუთუბი“-ზე ატვირთა.

მოპოვებული ინფორმაციით, დაკავებულთა ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები არიან, ნაწილი კი “გირჩის” მხარდამჭერები მათ შორის არიან დაკავებული დები ირმა და ინგა ხოროიშვილები. როგორც მათი უფლებადამცველი აცხადებს, დები ბრალს არ აღიარებენ.

დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარუდგინეს. დანაშაული 4-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თავად დეპუტატი ეკა ბესელია კი აცხადებს, რომ იმ ადამიანების დაკავება, ვინც ფარულ ვიდეოჩანაწერს გაუაზრებლად ინახავდა ან აზიარებდა, მის ინტერესებში არ შედის, თუმცა კანონის არცოდნა მოქალაქეს სს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.

მსგავსი თემები