ეკა ბესელია დეპუტატებს ურჩევს, პარლამენტის თავმჯდომარის კანონპროექტი ჩააგდონ

საკანონმდებლო ორგანს წარმომადგენელი ეკა ბესელია ყოფილ თანაგუნდელებს მიმართავს და ურჩევს, პარლამენტში, ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ჩააგდონ. საუბარია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის შესახებ კანონპროექტზე, რომელზეც, ვენეციის კომისიამ, დასკვნა გუშინ გამოაქვეყნა.

როგორც ეკა ბესელიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, შექმნილი მდგომარეობიდან მხოლოდ ერთადერთი გამოსავალია – კანონპროექტი უნდა ჩავარდეს, რადგანაც მას ყველა აკრიტიკებს და მისაღები არავისთვისაა.

„მმართველ პარტიას გამოსავალს ვთავაზობთ – ჩააგდონ ირაკლი კობახიძის კანონპროექტი, ის პრინციპების დონეზე შესაცვლელია. ამ კანონპროექტის მიღება არ შეიძლება, რადგანაც ის ყველას წინააღმდეგ წასვლა იქნება“, – აცხადებს დეპუტატი. ბესელიას განცხადებით, მიმდინარე კვირას პარლამენტის სესიაზე მისი და მისი ახალი თანაგუნდელების მიერ მომზადებული კანონპროექტი განიხილება, რომელიც ყველა იმ პრინციპს და მოსაზრებას იზიარებს, რასაც ვენეციის კომისია დასკვნაში ამბობს.

„კონსენსუსისთვის მზად ვართ. შესაძლებელია ჩვენს კანონპროექტში გარკვეული კორექტირებაც შევიტანოთ“, – ამბობს დეპუტატი.

რაც შეეხება კანონპროექტის იმ ვარიანტს, რომელიც ირაკლი კობახიძის კანონპროექტის სახითაა ცნობილი, პარლამენტის სესიაზე მეორე მოსმენით დღეს განიხილება.

მსგავსი თემები