ეკა ბესელია გამოცდილი პოლიტიკოსია, მისი გადაწყვეტილებები პრინციპებს ეყრდნობა – გია ჟორჟოლიანი

ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ დემოკრატების“ თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან 10-კაციან სიას, რომელიც პარლამენტს იუსტიციის საბჭომ წარუდგინა, ამ სახით, მისი ფრაქცია მხარს არ დაუჭერს.

გია ჟორჟოლიანი იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის ეკა ბესელიას გადადგომის გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ პრინციპული იყო.

“მიგვაჩნია, რომ ეკა ბესელია არის კვალიფიციური იურისტი, გამოცდილი პოლიტიკოს და მისი გადაწყვეტილებები ვფიქრობ რომ ეყრდნობა პრინციპებს. ის წინააღმდეგი იყო “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის და მათ შორის იმ სასამართლოს წარმომადგენლებისა, რომლებიც ამ რეჟიმის დროს აქტიურად მონაწილეობდნენ ბევრ რიგ გადაწყვეტილებებში. მე მჯერა რომ მისი პოზიციის განმსაზღვრელი მნიშვნელოვნად ეს იყო,”- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა კრიტერიუმებზე, რომლის მიხედვითაც უნდა იყოს წარმოდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატთა სია.

“მოსამართლეთა საქმესთან დაკავშირებით ჩვენი, უმრავლესობის პოზიცია ცნობილია, ჩვენ მხარს არ ვუჭერდით არც იმ პროცედურებს და არც იმ სიას, რაც იყო წარმოდგენილი. დღეს ეს უმრავლესობის მხრიდან მთლიანად უარყოფილია და მიმდინარეობს მუშაობა,” – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

მსგავსი თემები