“ეკა ბესელიას გარიცხვა არასერიოზულია, ის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელია“ – შოთა ხაბარელი

დეპუტატ შოთა ხაბარელის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრის დღის წესრიგში ეკა ბესელიას გუნდიდან გარიცხვის საკითხი არ განიხილება.

როგორც შოთა ხაბარელმა “მედიაცენტრ მთავარში” აღნიშნა, “ქართულ ოცნების” ძველმა გვარდიამ, 2012 წელს ისტორიული მომენტი გაიარა, აქედან გამომდინარე ძველებისა და ახლების თემა დღის წესრიგიდან ამოღებული უნდა იყოს.

“ეკა ბესელიას გარიცხვის საკითხი არ არის სერიოზული თემა. ის „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლავთ, აქედან გამომდინარე, მის აზრს, გარკვეულწილად, მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, საკითხის გარშემო ჯანსაღი მსჯელობა გაიმართება და თემა დღის წესრიგში არ დადგება,” – აღნიშნა ხაბარელმა „მედიაცენტრ მთავარში“.

რაც შეეხება პარტიაში ახალი სახეებისა და ახლაგზარდების შეყვანას, დეპუტატი ფიქრობს, რომ სიახლეები და ცვლილებები კარგია, თუმცა, არა „ძველების“ ხარჯზე“.

“მართლაც, სწორად ნათქვამია, რომ ძველმა გვარდიამ 2012 წელს ისტორიული მომენტი გაიარა. აქედან გამომდინარე, დღესაც საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს ის პროცესები, რომლებიც 2012 წელს და თუნდაც, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე განვითარდა. სადაც ძველმა გვარდიამ დიდი წვლილი შეიტანა. ვფიქრობ, „ქართული ოცნება“ უფრო მეტად უნდა შეიკრას, ისევ და ისევ, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ახალგაზრდების ინტეგრირება აუცილებელია, თუმცა, გასათვალისწინებელია პროფესიონალი, გამოცდილი, ერთგული გუნდა, ვინც ამ დრომდე აქტიურად იბრძოდა.“

მსგავსი თემები