ევროპის სპორტის კვირეული თბილისში, რიყის პარკში დღეს დაიხურება

ევროპის სპორტის კვირეული, რომელიც 23 სექტემბერს საზეიმოდ გაიხსნა და 60 მუნიციპალიტეტი მონაწილეობს, რიყის პარკში, დღეს, 30 სექტემბერს დაიხურება. რეგიონებში დაგეგმილია მასშტაბური დასკვნითი სპორტული ღონისძიებები, თბილისის ძველ უბნებში კი გაიმართება ყოველწლიური „თბილისმარათონი“ და საბავშვო გარბენი.დასკვნითი კონცერტი და საზეიმო დახურვა რუსთაველზე, პარლამენტის წინ იგეგმება.

ევროპის სპორტის კვირეულს საქართველომ წელს პირველად უმასპინძლა. სპორტულ ღონისძიებებში ჩართული იყო თბილისი და 59 მუნიციპალიტეტი რეგიონებიდან. ტურნირები გაიმართა სხვადასხვა სოფელშიც.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, შეჯიბრებები გაიმართა, გუნდურ და ინდივიდუალურ სახეობებში, სამაგიდო თამაშებში, ნიჩბოსნობასა და ცურვაში, სპორტის ეროვნულ სახეობებში, კომბინირებული თამაშები მოზარდებისთვის. გაიმართა რამდენიმე რეგიონული შეჯიბრი მუნიციპალიტეტებს შორის. ჩატარდა მარათონები სხვადასხვა დისტანციაზე. მსურველები ღონისძიებებში ასაკის შეუზღუდავად იღებენ მონაწილეობას. გამარჯვებულებს მედლები და თასები გადაეცემათ. რეგიონებში გამოცხადდა ხატვის კონკურსი სპორტულ თემატიკაზე.

სპორტის კვირეულის ოფიციალური კოორდინატორია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ორგანიზატორები – ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ და სამინისტროს მიერ აღიარებული სხვა ეროვნული ფედერაციები, თანაორგანიზატორი – თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და საქართველოს 60-მდე მუნიციპალიტეტი.

2018 წელს საქართველო ევროკომისიის ინიციატივას – ევროპის სპორტის კვირეულს პირველად შეუერთდა, რომელიც მიზნად ისახავს ევროპის მასშტაბით სპორტისა და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაციას და სპორტის მასობრიობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდას. ევროპის სპორტის კვირეული, რომლის დევიზია #BeActive, 2015 წლიდან ევროკავშირის წევრ და სპეციალურად შერჩეულ რამდენიმე არაწევრ ქვეყანაში ტარდება. წელს ევროპის სპორტის კვირეულს 40-მდე ქვეყანა გამართავს. 23 სექტემბრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით ევროპის მასშტაბით 26 000-ზე მეტი ღონისძიება დაიგეგმა, რომელშიც 9 მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.

მსგავსი თემები