ევროსაბჭოს საზეიმო ღონისძიებაზე ცაბაძის “ბედის ბორბალი” შესრულდა (ვიდეო)

უკრაინის ქალაქ ივანო-ფრანკოვსკში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიაზე, ქართველმა მსახიობმა გიორგი ცხადაძემ, ქალაქ ივანო -ფრანკოვსკის ნაციონალური სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, გიორგი ცაბაძის სიმღერა “ბედის ბორბალი” შეასრულა. ​გიორგი ცხადაძე თბილისის ახმეტელის თეატრის მსახიობია.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” ახმეტელის თეატრში განუცხადეს, უკრაინული მხარის თხოვნა იყო, რომ საზეიმო ღონისძიებაზე ერთი სიმღერა ქართულ ენაზე აჟღერებულიყო. ცაბაძის აღნიშნული სიმღერა ახმეტელის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ირაკლი გოგიამ და მსახიობმა გიორგი ცხადაძემ ერთობლივად შეარჩიეს. სიმღერის არანჟირების ავტორია კომპოზიტორი ნიკა მემანიშვილი. თბილისის ახმეტელის თეატრის წარმომადგენლები უკრაინაში, ქალაქ ივანო-ფრანკოვსკის მერის მიწვევით ჩავიდნენ.

მათივე ინფორმაციით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ყოველწლიურად გასცემს ჯილდოს “ევროპის პრიზი” ევროპული იდეალების ყველაზე აქტიური გავრცელებისთვის. წელს ეს ჯილდო უკრაინის ქალაქ ივანო-ფრანკოვსკს ერგო. ჯილდოს აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება ​ივანო -ფრანკოვსკში 28 სექტემბერს გაიმართა.

საერთაშორისო ღონისძიებაში, რომელიც ხორციელდება კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მიერ, მონაწილეობენ კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის სოლისტები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. საქართველოს სახელით კი პუბლიკის წინაშე ახმეტელის თეატრის მსახიობი, გიორგი ცხადაძე წარსდგა.

https://www.facebook.com/AkhmeteliTheatre/videos/262165191307512/?__xts__[0]=68.ARBu-ul941a3o0gEM73vC3UrsizDcW6L6nS36IKMhvzx5zdXmY1-Fh6XnYgHpT3kUh2DXTAXuJxCBfzc9T_HIah6sGrBcAAlgJoMiDEVtI_T3Cx0uDdyMZLutjArQL9pvAF_Cd4GMF0NgiGju6rRkrNNbuKopPZmdwaOL6RhbpuscUnnyh7N9w

მსგავსი თემები