ევროპარლამენტი საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე პირველ ანგარიშს მოამზადებს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავას  განცხადებით, წელს პირველად, ევროპარლამენტი საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით ანგარიშს მოამზადებს.

​როგორც ხულორდავა აცხადებს, საქართველო შეფასებულია, როგორც მოწინავე ქვეყანა ასოცირების შეთანხმების განხორციელების თვალსაზრისით, როგორც საუკეთესო მაგალითი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და იმედოვნებს რომ ეს შეფასებები ევროპარლამენტის ანგარიშშიც აისახება.

​მისივე თქმით, ევროპული ინტეგრაცია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ერთ-ერთი მკაფიო პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ქვეყანაში ბევრი რამ კეთდება.

თამარ ხულორდავა დღეს, საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მომხსენებელს, ანდრეს მამიკინს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებით რეფორმების მიმდინარეობა მიმოიხილეს, როგორც ადამიანის უფლებების სფეროში, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის, ტრანსპორტის და ენერგეტიკის, გარემოს დაცვის სფეროებში.

ქართველმა პოლიტიკოსმა ანდრეს მამიკინს მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ მიღებული რეზოლუციისთვის, რითიც ევროპარლამენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი კიდევ ერთხელ გამოხატა მკაფიო მხარდაჭერა.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” პარლამენტის პრესსამსახურში განუცხადეს, ანდრეს მამიკინსი ​საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებს, საქართველოს პრეზიდენტს, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს, არასაპარლამენტო ოპოზიციას, ასევე სახალხო დამცველს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება.

მსგავსი თემები