ევროკვშირმა, დაწუნებული თხილი, საქართველოს წელს 7-ჯერ დაუბრუნა

ლაბორატორიებში დაწუნებული ქართული თხილის უკან მობრუნების წელს უკვე მეშვიდე შემთხვევაა. 18 დეკემბერს, ბულგარეთში დაიწუნეს თხილი, რომელშიც ნივთიერება აფლატიქსინის მაღალი შემცველობა დაფიქსირდა.

როგორც „საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ქარდავამ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ექსპორტიორი ქვეყნისთვის თხილის მიბრუნება ბუნებრივი პროცესია და ამ შემთხვევაში საქართველო გამონაკლისი არ არის.

მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევები ხდება აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან თუ იტალიიდან ექსპორტირებულ თხილზეც. რაც შეეხება საქართველოში მობრუნებულ თხილს, ის დაილუქება, გადაირჩევა და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების კონტროლის ქვეშ ხელახლა შემოწმდება აფლატოქსინის შემცველობაზე.

„პროდუქცია გასუფთავდება საეჭვო თხილის გულისგან, რადგან მასაში, უმნიშვნელო რაოდენობის დაავადებულ გულსაც შეუძლია იმოქმედოს მთლიანი ანალიზის შედეგებზე“ – აღნიშნა ქარდავამ „მედიაცენტრ მთავარში.

მისივე ინფორმაციით, გადარჩევის შემდეგ, პროდუქცია ევროპულ ლაბორატორიებში განმეორებით მოწმდება: „ თუ აფლატოქსინი აღარ აღმოჩნდა, მეწარმეს უფლება ეძლევა, თხილი ექსპორტზე განმეორებით გაგზავნოს. გამორჩეული, დაწუნებული თხილი კი განადგურდება და ის არ მოხვდება ქართულ ბაზარზე. მისი გამოყენება მწარმოებლის კეთილ ნებაზე არ არის დამოკიდებული“.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ 2 თვეა, სახელმწიფო თხილს საქართველოდან გატანის წინ ადგილობრივ ლაბორატორიებში აღარ ამოწმებს, ლევან ქარდავამ განმარტა, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საექსპორტო თხილის აფლატოქსინზე კვლევა სექტემბრიდან დაიწყო. მანამდე კი პროდუქცია, სახელმწიფოს მიერ, ლაბორატორიებში მოწმდებოდა მხოლოდ დაჭრილი და დაფქვილი სახით და ისც მხოლოდ მიწისთხილის შემცველობაზე.

სექტემბრიდან, ასევე, ამოქმედდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, გადამამუშაველ საწარმოებს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის დანერგვა ევალებათ. ეს კი იმისთვის, რომ პროდუქცის ექსპორტზე გატანის უფლება ჰქონდეთ.

“ამ ცვლილებების ამოქმედებამდეც, მეწარმეთა უმრავლესობა, საკუთარ პროდუქციას ექსპორტირებამდე თავად ამოწმებდა. აფლატოქსინის შემცველობაზე შემოწმება დღესაც ხდება. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მეწარმემ პროდუქციის უკან დაბრუნების რისკი თავიდან აიცილოს, რაც თავის მხრივ, ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. თხილის გადამამუშავებელი კომპანიების შემთხვევაში, HACCP-ის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია აფლატოქსინის გავრცელების კონტროლი გადამუშავების ყველა ეტაპზე. ეს ასევე, გულისხმობს საბოლოო პროდუქციაზე ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას”, – აცხადებს ლევან ქარდავა.

მისივე განმარტებით, აფლატოქსინი არის ობის სოკო, რომელიც პროდუქტში მიწიდან ხვდება. მის გავრცელებას კი ხელს უწყობს გაშრობისა და შენახვის არასწორი პირობები.

მსგავსი თემები