“ევროკავშირის ელჩებისგან დავინახეთ ძალიან დიდი სურვილი, რაც შეიძლება მალე აღდგეს პირდაპირი ფრენები” – ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან ვიდეო კონფერენცია გამართა, რომელიც საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის ინიციატივით მოეწყო.

ონლაინ კონფერენციაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის 20 სახელმწიფოს ელჩები, აგრეთვე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ეკატერინე მიქაბაძე და გენადი არველაძე.

ნათია თურნავას თქმით, საქართველოში აკრედიტებული ელჩები დაინტერესდნენ საქართველოს მიერ ტურიზმის სექტორის გახსნის თაობაზე.

„ჩვენ გავუზიარეთ მოსაზრებები, რა მოლოდინები გვაქვს, რამდენად მიმზიდველია საქართველო და მზად ვართ იმისთვის, რომ პირველი ივლისიდან ევროკავშირიდან ჩამოსულ სტუმრებს უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვით ვუმასპინძლოთ. ევროკავშირის ელჩებისგან ასევე მოვისმინეთ ინფორმაცია მათი ქვეყნების მზადყოფნის შესახებ და მათი მხრიდან დავინახეთ ძალიან დიდი სურვილი, რაც შეიძლება მალე აღდგეს პირდაპირი ფრენები, კავშირები ჩვენს საზოგადოებებს შორის, მათ შორის, განახლდეს თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში,“ – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ელჩები ასევე დაინტერესდნენ საქართველოს განახლებული საინვესტიციო პოლიტიკის შესახებ.

საქართველო უცხოელი ტურისტების მიღებას 1-ლი ივლისიდან დაიწყებს.

მსგავსი თემები