“ევროკავშირის გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობამ წარმატებით იმუშავა და „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელება ეფექტურად აღკვეთა” – დავით ზალკალიანი

“მოხარულები და ამაყები ვართ, რომ დღეისთვის მიღწეულმა შედეგებმა შესაძლებელი გახადა ჩვენი ქვეყნის პოზიტიური იმიჯის, კერძოდ საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის სტატუსის მოპოვება, ასევე სანდო და საიმედო პარტნიორის იმიჯის კიდევ ერთხელ განმტკიცება”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმადაც, საქართველო შეყვანილია ე.წ. „მწვანე ქვეყნების“ სიაში, რომელთათვისაც ევროკავშირი პირველ ეტაპზე გახსნის დაკეტილ საზღვრებს.

„აღნიშნული გადაწყვეტილება, ცხადყოფს და ადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობამ წარმატებით იმუშავა პარტნიორ ქვეყნებთან, ეფექტურად მართა „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელების აღკვეთა და რომ საქართველოს მთავრობის ნაბიჯები პანდემიასთან ბრძოლის კუთხით იყო სწორი, თანმიმდევრული და პასუხისმგებლიანი, რაც არაერთხელ დადასტურდა ასევე ჩვენი პარტნიორების შეფასებებით“, – განაცხადა მინისტრმა.

ზალკალიანის თქმით, ამ ეტაპზე სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანაა, შეინარჩუნოს ქვეყანაში პანდემიის გავრცელების არსებული სურათი, რათა პირველ რიგში დაიცვას საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობა და შეინარჩუნოს ამ მხრივ ქვეყნის პოზიტიური იმიჯი, რაც მოითხოვს ფრთხილ და თანმიმდევრულ ნაბიჯებს, რომელიც, დამოკიდებულია საქართველოს პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებთან აქტიურ კოორდინაციასა და მსოფლიოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სურათზე.

მინისტრის ინფორმაციით, ქართული მხარე გააგრძელებს ევროკავშირთან და წევრ სახელმწიფოებთან კონსულტაციებს, რათა აღნიშნული დოკუმენტის შესაბამისად, მათთან კოორდინაციით ეტაპობრივად და შეთანხმებულად შევძლოთ, მოქალაქეთა უსაფრთხო მიმოსვლის უზრუნველყოფა.

„მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები უახლოეს დღეებში დაიწყებენ უსაფრთხო სიაში მყოფ ქვეყნებთან შესაბამისი კრიტერიუმების დალაგებას, რათა ფრთხილად მოხდეს მოქალაქეების გადაადგილება ორივე მიმართულებით“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მსგავსი თემები