„ეგოიზმსა და პიროვნულზე აწყობილი კავშირი ვერ განვითარდება“ – ირაკლი აბუსერიძე პრეზიდენტზე

„სამწუხაროა, ქართული რაგბი, დღეს, რა მდგომარეობაშიც აღმოჩნდა“ – ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის წევრი, რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე კავშირის დღევანდელ მდგომარეობას. არსებულ პრობლემებზე ირაკლი აბუსერიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა.

„ყველა მიმართულებით სამუშაოა. რომ ვთქვათ, რომ რაიმე კუთხით წინ წავედით და განვვითარდით -მეთქი, მაგას ვერ ვიტყვით“… – განაცხადა რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატმა ირაკლი აბუსერიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, მცდარია რაგბის დღევანდელი პრეზიდენტის განცხადება, რომ მან დაპირებების 40 % შეასრულა.

„40 % კი არა, 15 % არა აქვს შესრულებული“, – აცხადებს აბუსერიძე.

რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებით, შედარებით უკეთესი  სიტუაციაა 20-წლამდე ნაკრებში.

„მათ ჰყავთ პროფესიონალი მწვრთნელები, 5 წლის მანძილზე მსოფლიო ათეულში ელიტარულ გუნდებთან და იმ ქვეჯგუფში რჩებიან, ინარჩუნებენ და წინ მიდიან. და მეორე – არის მსაჯები, რომლებიც ევროპის თასზე მსაჯობენ… ხმები მორგებული აქვთ, რომ მუდმივად იყვნენ. გათვლა აქვთ, რომ მუდმივად იყვნენ.. წესდებაც, ხმებიც და ყველაფერი უნდა იყოს წინსვლაზე ორიენტირებული, არა რაღაც პიროვნულ და ეგოისტურ საფუძველზე” – განაცხადა აბუსერიძემ “მედიაცენტრ მთავარში”.

როგორც ცნობილია, რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 30 იანვარს არის დაგეგმილი და მასში, ამ ეტაპზე, 3 კანდიდატი მონაწილეობს.

მედიაცენტრი მთავარისმასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები