“დე-ფაქტო წარმომადგენლებთან შეხვედრამ კონსტრუქციულად ჩაიარა და ვითარების დეესკალაციისთვის ნაბიჯებზე შეთანხმდნენ” – კახაბერ ქემოკლიძე

ჩორჩანასთან ქართულ მხარეს, დე ფაქტო ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა.

უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის, კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას დეესკალაციისკენ.

„შეხვედრა საკმაოდ კონსტრუციულ გარემოში წარიმართა. ეს არის ცალსახად მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯი. შეხვედრაში მონაწილე მხარეები შევთანხმდით, რომ უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ვითარების დეესკალაციისკენ. ამის მოწოდება გაიზიარა ფაქტობრივად ყველა წარმომადგენელმა. ამის გარდა შემდეგი კვირის დასაწყისში გაიმართება კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა, ამჯერად უკვე სოფელ ერგნეთში. აღნიშნულ ტექნიკურ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ იმ პოზიციებს, რომელიც გაგვაჩნია. მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, რომელიც წარმოვადგინეთ ჩვენ, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ასევე დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა, შეხვედრის საერთო პათოსი და მიზანი ემსახურებოდა ვითარების სრულ დეესკალაციას და განმუხტვას. ეს არის ძალიან დიდი და სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, რომლის განხორციელებასაც ჩვენ ფაქტობრივად შევუდგებით დღეიდანვე“, – განაცხადა ქემოკლიძემ.

მისი თქმით, საქართველოს პოლიციის წარმომადგენლები უსაფრთხოებას იცავენ და შეშფოთების მიზეზი არც ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად და არც ოკუპირებული ტერიტორიაზე მცხოვრებთ არ აქვთ.

„იმ მოსახლეობას, რომელიც ცხოვრობს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ვეტყვი, რომ აბსოლუტურად ცხადია, არ აქვთ შეშფოთების მიზეზი. იმავეს გავუმეორებ იმ მოსახლეობას, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებული წნელისის ტერიტორიაზე. საქართველოს პოლიციის წარმომადგენლები არიან ღირსეული ოფიცრები, რომლებიც ადგილზე იცავენ უსაფრთხოებას, უსაფრთხოების გარემოს და არა პირიქით, არ აზიანებენ მას“, – განაცხადა კახა ქემოკლიძემ.

მსგავსი თემები