“დღეს ჟურნალისტების სწრაფი ტესტირება იწყება” – ლევან გოფოძე

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, მოხუცთა თავშესაფრებისა და შშმ პირთა პანსიონატების გარდა, რომელიც გუშინ დასახელდა, არსებობს სხვა მიზნობრივი ჯგუფებიც, რომლებსაც ტესტირება ჩაუტარდებათ.

მისი თქმით, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც.

ლევან გოფოძე ამბობს, რომ სწრაფი ტესტის მეშვეობით ჟურნალისტების ტესტირება დღეიდან იწყება.

რესპუბლიკური საავადმყოფო საკუთარი ინიციატივით იმ ჟურნალისტებს ჩაუტარებს ტესტს, ვინც დღეს კლინიკაში გადაღებაზე იმყოფებიან.

„გუშინვე განვაცხადე კლინიკური ჯგუფის შეხვედრაზე, რომ ჩვენ ჟურნალისტების გატესტვა დავიწყეთ-მეთქი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ გუშინ თქვენ შებრძანდით და ტესტი გაიკეთეთ. რადგან ასე არ იყო, მაშინ დღეს ვიწყებთ ჟურნალისტების გატესტვას“,- აღნიშნა გოფოძემ.

მისივე თქმით, ჩატარდება სწრაფი ტესტირება, მაგრამ ყველა საეჭვო შემთხვევაში მოხდება გადასვლა „პისიარ“ ტესტებზე.

„ასეთი მიზნობრივი ჯგუფები განისაზღვრება და მიზნობრივ ჯგუფებს ტესტირება ჩაუტარდებათ“, – განაცხადა ლევან გოფოძემ.

მსგავსი თემები