დღეს მთავრობა ანტიკრიზისულ გეგმას წარმოადგენს

დღეს მთავრობა ანტიკრიზისულ გეგმას წარმოადგენს. ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, კონკრეტულად რა თანხას გამოყოფს სახელმწიფო მოსახლეობის დასახმარებლად.

ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები მოიცავს მიზნობრივი სოციალური დახმარების ანტიკრიზისულ გეგმას; ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისულ გეგმას.

ამასთან, დღესვე იქნება წარმოდგენილი შეზღუდვების თანმიმდევრული, ეტაპობრივი შემსუბუქების, ე.წ. ეკონომიკის გახსნის გეგმა.

მთავრობის ინფორმაციით, ხელისუფლება, ეპიდემიასთან ბრძოლის პარალელურად, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს ეკონომიკის ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომლის წარმოდგენაც ეტაპობრივად დაიწყო. პირველ ეტაპზე გატარდა აუცილებელი ზომები, მათ შორის – 3 თვის კომუნალური გადასახადების დაფარვა მოსახლეობისთვის; 9 მთავარ სასურსათო პროდუქტზე ფასების დაზღვევა, რომ ეს პროდუქტები არ გაძვირებულიყო; ბიზნესს დაუწესდა საგადასახადო შეღავათები; 3 თვით გადაუვადდათ სესხების მომსახურება მოქალაქეებს და ბიზნესს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის შემდეგი ეტაპი იყო ქვეყნის ეკონომიკისთვის 3 მლრდ აშშ დოლარზე მეტი ფინანსური რესურსის მოზიდვა საერთაშორისო პარტნიორებისა და დონორებისგან, რაც მთავრობის უპრეცედენტო მუშაობის შედეგად გახდა შესაძლებელი.

მსგავსი თემები