“დღეს მთავრობამ ბუნდოვანი გეგმა წარადგინა” – რომან გოცირიძე

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, მთავრობის მიერ წარდგენილი ანტიკრიზისული გეგმის სოციალური დახმარების ნაწილი ძალიან მწირია, ბიზნესის დახმარების ნაწილი არარეალისტურია, საგადასახადო მიმართულებით გაკეთებული შეთავაზება კი, ბიზნესს ვერავითარ შვებას ვერ მოუტანს.

„შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო თვალში ნაცრის შეყრა. რაც მოვისმინეთ, დაუსაბუთებელია. სახელმწიფო ბიუჯეტი არ იქნა წარმოდგენილი და ახლა დავრწმუნდი, თუ რატომ შეეშინდა მთავრობას ბიუჯეტის წარმოდგენა. მათი გეგმა არის რაღაც პროპაგანდისტური პროექტი, რომელსაც რეალური ფინანსური დატვირთვა არ აქვს და ტყუილებშიც კი, ვერ აღმოჩნდნენ სათანადო დონეზე. მოსახლეობისთვის პირდაპირი დახმარება არც მეტი და არც ნაკლები – 200 მილიონი დოლარია. გასაცოდავებული და გაუფასურებული ლარის პირობებში, ეს 660 მილიონი ლარია, რასაც ემატება კომუნალური გადასახადების შეღავათები, სადღაც 140 მილიონ ლარამდე. მთელი ეს პაკეტი, რაც ნახევარი წლის განმავლობაში მოსახლეობას ფაქტობრივად სახლში გამოკეტილ და უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს უნდა შესთავაზონ, 800 მილიონი ლარია, ანუ, 250 მილიონი დოლარი. სად არის სამი მილიარდი და მილიარდ ნახევარი სახელმწიფო ბიუჯეტში? ბიუჯეტში მილიარდ ნახევარი რომ შესულიყო, ეს იქნებოდა დღევანდელი კურსით ხუთი მილიარდი ლარი.

რაც შეეხება ბიზნესის მხარდაჭერის ნაწილს, ეს არის ძალიან წვრილმანი და საუბარია რაღაც სესხების გარანტირებაზე, მათ შორის სოფლის მეურნეობის, რასაც სჭირდება სერიოზული ბიზნესს გეგმები. ბანკს რაც არ უნდა დაუფინანსო სესხის პროცენტი, თუ გარანტიას არ მიიღებს, შეთავაზებას არ მიიღებს. მთავრობას შეეძლო, რომ მნიშვნელოვნად შეეცვალა სახელმწიფო ბიუჯეტი და ამოეყარა უსარგებლო, მათ შორის კორუფციული ხარჯები და ის პროექტი, რომელიც შესაძლებელია, რომ სხვა ვითარებაში შეიძლება ყოფილიყო განხორციელებული, მაგრამ ამ კრიზისულ ვითარებაში ის მეორე და მეხუთე ხარისხოვანია. ბიუჯეტი უნდა გაეწმინდათ და გამოთავისუფლებული სახსრებით შეეძლოთ, მოსახლეობის სოციალურად დახმარების პაკეტი მეტად გაეზარდათ. ამ პაკეტში ბევრი სიცრუეა. თითქოს, თვეში, 350 ათას ადამიანს აძლევენ 200 ლარს. ეს არის ტყუილი, რადგან ის ადამიანები, რომლებიც საშემოსავლო გადასახადს იხდიდნენ და ახლა უმუშევარი დარჩნენ, დაახლოებით 200 ათასია. პრეზენტაციაში ძალიან ბევრი ტყუილ-მართალი იყო არეული. ბიუჯეტის არწარმოდგენა იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება აპირებს, ბიუჯეტში ყველა ხარჯის დატოვებას და უცხოური დახმარებები, რომელიც 80 პროცენტი სესხია, მოხმარდება ბიუჯეტის მეორე ხარისხოვან, ბიუროკრატიულ და საარჩევნო დასაფინანსებელ ხარჯებს, ნაცვლად იმისა, რომ ფინანსები მიმართული ყოფილიყო მშივრად დარჩენილ მოქალაქეებზე“, – განაცხადა გოცირიძემ.

მსგავსი თემები