“დღეს ეს ქვეყანა ეკონომიკურად მდიდარი ვერ არის, მაგრამ ჩვენია” – გიორგი გახარია

“დღეს ეს ქვეყანა ეკონომიკურად მდიდარი ვერ არის, მაგრამ ჩვენია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შიდა ქართლში, მეწარმეებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, სახელმწიფომ ყველანაირი პირობები უნდა შეუქმნას გლეხს, რომ ის გაძლიერდეს და შექმნას დამატებითი სამუშაო ადგილები.

„ეკონომიკის სამინისტროში მუშაობის პერიოდში ყოველთვის ვამბობდი, რომ ამ ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არის სამუშაო ადგილები. სახელმწიფო ყველანაირად უნდა დაეხმაროს ადამიანს, რომ შეუქმნას ისეთი პირობები, გლეხს, ფერმერს, რომ მან შეძლოს რაღაც რისკები თავის თავზე აიღოს, სიმამაცე მოიკრიბოს, ნაბიჯი გადადგას და თქვას, რომ ჩემს თავს მე თვითონ უნდა მივხედოო. სახელმწიფოს ყველაზე დიდი პოზიტიური ვალდებულებაა მიეხმაროს ამ ადამიანს, რომ ცოტა გაძლიერდეს და თავისი ოჯახის წევრებთან ერთად მეზობელი უნდა დაასაქმოს და ასე ნელ-ნელა უნდა გაიზარდოს და დამატებითი სამუშაო ადგილები ასე უნდა იქმნებოდეს.

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ბაღები გავაშენოთ და ვიშრომოთ იმისთვის, რომ ჩვენი ოჯახები ვაცხოვროთ პირველ რიგში ღირსეულად, შემდგომ ჩვენი სოფლები, ქალაქები და ჩვენი ქვეყანა. ეს არის სახელმწიფოს ყველაზე დიდი ვალდებულება, რომ თქვენ ამაში დაგეხმაროთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები