“დღეს დადასტურებული რვა ახალი შემთხვევიდან ერთი ბოლნისიდან არის, შვიდი კი, საკარანტინო სივრცეში მყოფი პირია” – მარინა ეზუგბაია

თბილისის ინფექციური კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ამ ეტაპზე კოვიდსტაციონარებში ​224 პაციენტი მკურნალობს. მისივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში რვა ახალი ინფიცირებული პაციენტია.

„გუშინდელი მონაცემებით, გვყავდა 713 დადასტურებული შემთხვევა და მხოლოდ რვა ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემატა. ახლა გვყავს 721. გამოჯანმრთელებულების რიცხვი  ათით გაიზარდა, იყო 475 და გვყავს 485 გამოჯანმრთელებული პაციენტი. ამ ეტაპზე კოვიდსტაციონარებში მკურნალობს 224 მოქალაქე. გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა კლავ აჭარბებს სტაციონარებში მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს 248 შემთხვევით. ახალი რვა დადასტურებული შემთხვევიდან ერთი არის ბოლნისის წყარო, დანარჩენი შვიდი არის საკარანტინო სივრციდან, იქ ჩატარებული ტესტირების შედეგად დადასტურებულები“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

​რაც შეეხება თბილისის ინფექციურ კლინიკას, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე კლინიკაში 36 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

„გუშინ ჩვენთან შემოვიდა 11 დადასტურებული შემთხვევა. ეს წინა დღეების დადასტურებული შემთხვევების გადმოყვანა მოხდა ჩვენთან. 11 შემთხვევიდან რვა არის ბოლნისის რაიონის სოფელი მუშევანი. დანარჩენი სამი შემთხვევა საკარანტინო სივრციდან არის ჩვენთან გადმოყვანილი. ამ ეტაპზე გვყავს 36 დადასტურებული ჩვენს კლინიკაში და სამი არის შესაძლო შემთხვევა, რომელთა კვლევა ახლა ტარდება. ამ რვა ახალი შემთხვევიდან ორი შემთხვევა არის მძიმე. კლინიკურად მძიმედ გამოხატული სურათით. დღეს გაფართოებული კვლევები ჩატარდება, შეფასდება ეს ყველაფერი და საბოლოო მონაცემებს შემდგომში ვიტყვით. ასაკობრივი სპექტრი განსხვავებულია. არის მაღალი ასაკის პირებიც და არის საშუალო ასაკიც“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები