დღეს ბერლინი-თბილისის რეისით საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდებიან

საქართველოს მთავრობა უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს. დღეს, 12 აპრილს განხორციელდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული განრიგიდან მორიგი რეისი თბილისი-ბერლინი-თბილისის მიმართულებით. მგზავრთა შორის არიან ფეხმძიმე ქალბატონები, მცირეწლოვანი ბავშვები, სხვადასხვა ქრონიკული და მიმდინარე, მათ შორის განსაკუთრებულად მძიმე ფორმის დაავადებების მქონე პირები, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„აღნიშნულ რეისს ასევე მოჰყვება მძიმე პაციენტი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც საელჩოს მიერ სპეციალურად დაქირავებული რეანომობილით გადმოიყვანეს ჰამბურგიდან, ბერლინის აეროპორტამდე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, თვითმფრინავს თბილისიდან გაჰყვა ყველა შესაბამისი მოწყობილობით აღჭურვილი სამედიცინო პერსონალი, რათა პაციენტის მომსახურება უზრუნველყოფილი იყოს უშუალოდ ხომალდის ბორტზეც, ბერლინიდან თბილისამდე მგზავრობისას.

საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, სამშობლოში უკვე დაბრუნდნენ მოქალქეები ბერლინიდან, ვენიდან, ამსტერდამიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან და ლარნაკადან.

12 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 3,809 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში – მთავრობის ხელშეწყობით – ორგანიზებულად დაბრუნდა 5,319 მოქალაქე. COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.

აღნიშნული რეისები განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესის სრული დაცვით და ყველა მგზავრი, რომელიც ჩამოვა საქართველოში, გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.

შეგახსენებთ, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების მიზნით საკოორიდნაციო საბჭოს დავალებით ევროპიდან საქართველოს მიმართულებით რეისებს კომპანია “Georgian Airways” ახორციელებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები