დღევანდელი არჩევნები იყო ერთგვარი რეფერენდუმი – კახა კალაძე

ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ, მმართველი პარტია “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე პირველ კომენტარს აკეთებს და მადლობას უხდის  თითოეულ ამომრჩეველს დღეს გამოვლენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, განურჩევლად იმისა, თუ რა პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირეს.

კახა კალაძის შეფასებით, დღევანდელი არჩევნები არ იყო მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნები. ეს იყო ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ უთხრა მკაფიო და ხმამაღალი უარი სიცრუეს, სიძულვილსა და ძალადობას და მხარი დაუჭირა იმ პოლიტიკურ ძალას, რომლისთვისაც ადამიანი უზენაესი ღირებულება, მისი ღირსების დაცვა კი – უმთავრესი პრიორიტეტია.​

მისივე თქმით, ​არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩევლის ძალზე მაღალი აქტივობა იყო, რამაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების აქტივობასაც კი მნიშვნელოვნად გადააჭარბა.

“ეს იყო არჩევნები, რომელზეც ამომრჩეველმა კიდევ ერთხელ მოგვანიჭა მანდატი, რათა გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ეკონომიკის განსავითარებლად, ადამიანების სოციალური დაცვის გარანტიების გასაუმჯობესებლად, ჩვენი ქვეყნის საგარეო პოზიციების გასაძლიერებლად. მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობით აღჭურვილი პოლიტიკური ძალისთვის არჩევნები არის საკუთარი საქმიანობის ხელახალი შეფასების საუკეთესო საფუძველი”, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, “ქართული ოცნებისთვის” საგულისხმოა საზოგადოების გზავნილები, რომლებიც  ამ არჩევნებში მიიღო. ასევე, საზოგადოებამ დაინახა, რომ ხელისუფლებამ მათი გზავნილების ნაწილზე რეაგირება უკვე პირველი ტურის შემდეგ, გასული ერთი თვის განმავლობაში დაიწყო.

მისივე თქმით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე, თითოეული დღე დაეთმობა  მმართველობის ეფექტიანობის გაუმჯობესებას. “ამ პასუხისმგებლობას ჩვენ გვაკისრებს ხალხის მიერ დღეს გამოცხადებული ნდობა”, – აცხადებს კალაძე.

მსგავსი თემები