“დროულად მიმართეთ რაბიოლოგს, თუნდაც ცხოველი იყოს აცრილი” – ვახტანგ ლომჯარია 

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსის ვახტანგ ლომჯარიას ინფორმაციით, მიმდინარე წლის ზაფხულის პერიოდის ჩათვლით, თბილისში ცოფის მხოლოდ ერთი შემთხვევა, ივერთუბანში დაფიქსირდა, რაც შარშანდელთან შედარებით მნიშვნელოვანია კლებაა. დედაქალაქში შარშან ცოფის 7 შემთხვევა გამოვლინდა.

​თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში ამიერიდან დაკბენასთან და ცხოველის აგრესიის გამოვლენის ფაქტებთან დაკავშირებული მონაცემები აღირიცხება. როგორც წესი მსგავსი მონაცემების შეგროვება სამსახურში აქამდე არ ხდებოდა, ამის გამო, რთულია ზუსტი ციფრების დასახელება, გაიზარდა თუ არა შინაური ცხოველის მიერ ადამიანების დაკბენისა და დაკაწვრის შემთხვევები.

​ვახტანგ ლომჯარია არ გამორიცხავს, რომ რაბიოლოგთან მიმართვიანობის გაზრდა განპირობებული იყოს მოსახლეობის მეტად ინფორმირებულობით და არა დაკბენის ფაქტების მატებით. იგი მოსახლეობას მოუწოდებს დროულად მიმართონ რაბიოლოგს, თუნდაც ცხოველი იყოს აცრილი.

“დაკბენის ადგილის მიხედვით მეტად არის საჭირო სიჩქარე. თუკი ცხოველის მიერ დაკბენა მოხდა სხეულის იმ ნაწილზე, სადაც ნერვული დაბოლოებებია, მაგალითად თითებზე, სახის არეში, თავზე, აქ მეტად არის საჭირო სიჩქარე, რადგან ცოფის ინკუბაციის პერიოდი უფრო სწრაფია, ვიდრე სხვა არეალში დაკბენის შემთხვევაში, გარკვეულ სიტუაციებში თუ შეიძლება რომ 10 დღე გვქონდეს, სახეზე ან თითებზე დაკბენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მიმართონ ექიმს”, – განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ  მედიაცენტრ “მთავარში” დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე ინფორმაციით, დაკბენის შემთხვევაში ცხოველზე ხორციელდება 10-დღიანი დაკვირვება. იმ შემთხვევაში, თუ მიმკედლებელს, ან ცხოველის პატრონს არ აქვს დაკვირვების პირობები, ის დაკვირვებისთვის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში გადაჰყავთ.

“ჩვენთვის მნიშვნელოვაინა დავაკვირდეთ რეგიონებსაც და აქტიურად ვიმუშაოთ პოპულაციისა და მართვის მიმართულებით. რეგიონებში უფრო რთული ვითარებაა”, – აცხადებს იგი.

მსგავსი თემები