“დირსის” დასახლებაში უკანონოდ შეჭრილთა 60 % თბილისში არ არის რეგისტრირებული

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი, ისნის რაიონში არსებული სამშენებლო კომპანია “დირსის” დასახლებაში უკანონოდ შეჭრილი დევნილების საკითხს ეხმიანება.

მისი თქმით, ამ დევნილების 15 % უკვე დაკმაყოფილებულია, 10% საერთოდ არ არის დევნილი , ხოლო 60 %-ს რეგისტრაცია აქვთ რეგიონში და თბილისში რეგისტრირებულნი არ არიან.

“ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრისის უზრუნველყოფა და სწორედ ამისთვის, მათ 5 წლის განმავლობაში უკვე 12 000 ბინა გადავეცით. ამჟამადაც მიმდინარეობს მშენებლობა და მიმდინარე და მომავალი წლის განმავლობაში კიდევ 6000 ბინის გადაცემა იგეგმება”,-  განაცხადა პარლამენტის წევრმა.

მისივე თქმით, კერძო საკუთრების ხელყოფა და თვითნებურად დაკავება დააზიანებს ქვეყნის იმიჯს და ინვესტორებს დააფრთხობს. ამიტომ, დეპუტატი მოუწოდებს შესაბამის უწყებებს, გაატარონ კანონით დადგენილი ყველა ქმედითი ღონისძიება როგორ დევნილი ოჯახების, ასევე კომპანიის ინტერესების დასაცავად.

,,უცხო ქვეყნიდან მოზიდული ინვესტორები უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. მათ სახელმწიფომ, როგორც აქამდე, უნდა შესთავაზოს მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, დაბალი გადასახადები და საკუთრების გარანტირებული დაცულობა. მოვუწოდებ სახელმწიფო ინსტიტუტებს გაატარონ კანონით დადგენილი ყველა ქმედითი ღონისძიება, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც დევნილი ოჯახების ინტერესების დაცვას, ასევე კომპანია “დირსის”, როგორც ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორის კანონიერი, კერძო ინტერესის დაცვას. ჩვენ გვახსოვს ის საშინელი პრაქტიკა, თუ როგორ ექცეოდა წინა ხელისუფლება დევნილებს, როგორ ასახლებდა მათ უკანონოდ დაკავებული ფართებიდან. ამიტომ, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა და დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროებს, რომლებიც მაღალი პროფესიონალიზმით და კანონის ზუსტი დაცვით მოქმედებენ”,- აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა. 

მსგავსი თემები