დიმიტრი ხუნდაძე მედიასაშუალებებს ძლიერი ანტინარკოტიკული პროპაგანდისკენ მოუწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე, ნარკოტიკული ნივთიერებების მსუბუქ და ძლიერ ნარკოტიკებად კლასიფიკაციის წინააღმდეგია და მედიასაშუალებებს მიმართავს, სახელმწიფოსთან ერთად  აწარმოონ ძლიერი ანტინარკოტიკული პროპაგანდა.
“რას ნიშნავს მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკი? ყველა ნარკოტიკი საშიშია სიცოცხლისთვის”, – აცხადებს იგი.

დიმიტრი ხუნდაძის მოსაზრებით, ბოლო პერიოდში ნარკოტიკების მასობრივმა პოპულარიზაციამ ხელი შეუწყო ახალგაზრდებში ინტერესის ზრდას, რაც სავალალო შედეგზე აისახა.

„ნარკოლოგების მოსაზრებით, გარდაცვლილი ახალგაზრდები არ არიან წამალდამოკიდებული პირები, ისინი სავარაუდოდ, ერთჯერადი მომხმარებლები არიან. სწორედ ეს არის საგანგაშო, მთელი ამ თვეების მანძილზე ნარკოტიკების ნებსით თუ უნებლიე პოპულარიზაციამ გააძლიერა ინტერესი ახალგაზრდებში. ინტერესს აღვივებს და შიშის გრძნობას აქრობს ასევე სიტყვა – მსუბუქი ნარკოტიკი, რომელიც ახალგაზრდებს უვნებელი ჰგონიათ. რას ნიშნავს მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკი? ნარკოტიკი ყველა საშიშია სიცოცხლისთვის”, – აცხადებს დეპუტატი.

მისივე მოსაზრებით, ძლიერი ანტინარკოტიკული პროპაგანდა ერთ-ერთი მძლავრი იარაღია მოსალოდნელი  შედეგების თავიდან ასაცილებლად. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაქსიმალურად უნდა გაამკაცროს კონტროლი ნარკოტიკების გამსაღებლებზე. პოლიტიკოსებმა კი შეიმუშაონ ისეთი ნარკოპოლიტიკა, “რის მიხედვითაც მომხმარებელს არ დავიჭერთ, მაგრამ ამასთანავე მაქსიმალურად შევამცირებთ რისკებს, რათა მომხმარებელთა რიცხვი არ გაიზარდოს”, – აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

მისივე თქმით, ქვეყანას არ სჭირდება ნარკოტიკების პოპულარიზაციით მიღწეული დეკრიმინალიზაცია, ეს საშიშია სახელმწიფოსთვის. დეკრიმინალიზაცია უნდა მიიღწეს ძლიერი ანტინარკოტიკული პროპაგანდით, რაშიც მედიის როლი გადამწყვეტია.

მსგავსი თემები