დიმიტრი ხუნდაძემ გაერთიანებული სამინისტროების დასახელების შეცვლა მოითხოვა

​პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე, ჯანდაცვისა და დევნილთა სამინისტროების გაერთიანების შედეგად მიღებული ახალი სამთავრობო უწყების დასახელებას არ ეთანხმება და მის შეცვლას ითხოვს.

აღნიშნული წინადადება მან დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე დააყენა.

​როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, ის არ ეთანხმება საქართველოს მთავრობის სტრუქტურის იმ ნაწილს, სადაც გაერთიანებული ორი სამინისტრო შემდეგი სახითაა წარმოდგენილი: ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

„ვფიქრობ, რომ აღნიშნული ფორმულირება არასწორია. თუ ამ დასახელებას მივყვებით, გამოდის, რომ ეს არის დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. დევნილთა სამინისტრო გამოდის. შესაცვლელია ფორმულირება და შესაძლებელია, გაერთიანებული სამინისტროების დასახელება შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს: შრომის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრო,“ – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ 3 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე.

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული ცვლილება შესაძლებელია და ამ თემაზე დამატებითი კონსულტაციები მოხდება. ხუნდაძის ინიციატივას სხვა დეპუტატებიც დაეთანხმნენ. ჯანდაცვის კომიტეტმა კი სტრუქტურულ ცვლილებებს იმ პირობით დაუჭირა მხარი, რომ გაერთიანებული სამინისტროების დასახელება შეიცვლება.

მსგავსი თემები