„დიზელის შეღავათიან ფასად მიღებას 200,000-ზე მეტი ფერმერი შეძლებს“ – ლევან დავითაშვილი

დღეს სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მემორანდუმი გაფორმდა.

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ აგროტექნიკური სამუშაოებისთვის საჭირო დიზელის საწვავი ბაზარზე არსებულთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეისყიდონ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სინფორმაციით, ფერმერების მხარდაჭერისთვის შექმნილი პროექტის განხორციელების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანიას ,,სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა.

„შერჩევის დროს, კომპანიამ „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ ყველაზე დაბალ ფასად შესთავაზა ქართველ ფერმერებს დიზელის საწვავი. ჩვენი ფერმერები მიიღებენ მაღალი ხარისხის დიზელს, რაც მნიშვნელოვანია აგროტექნიკური სამუშაოების განხორციელებისთვის და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. გვაქვს იმედი, რომ პროგრამა წარმატებით განხორციელდება და გვექნება საშუალება, რომ ფერმერების მხარდასაჭერად ის მომავალ წლებშიც გავაგრძელოთ“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ, საჭირო რაოდენობის დიზელის საწვავი, მიმდინარე წლის განმავლობაში, ყოველთვიურად კონსოლიდირებულ ტენდერში დაფიქსირებულ ფასზე 20 თეთრით იაფად შეისყიდონ.

მსგავსი თემები