დიდი ალბათობით, ცესკოს ისევ თამარ ჟვანია უხელმძღვანელებს

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ახალი თავმჯდომარე დღეს უნდა დაასახელოს.

მ​ართალია, ერთ ვაკანტურ პოზიციაზე 4 კანდიდატია დასახელებული, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ისევ თამარ ჟვანია უხელმძღვანელებს.

ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატები არასამთავრობო სექტორმა სალომე ზურაბიშვილს გუშინ, შეხვედრაზე დაუსახელა. თუმცა, მათი ოფიციალური ფორმით შეთავაზება არ მომხდარა, რაც პროცედურის ნაწილია.

შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, კანდიდატების შეთავაზების წერილი დღეს ოფიციალურად დარეგისტრირდება. ამის შემდეგ კი პრეზიდენტი საკუთარ გადაწყვეტილებას მიიღებს.

რაც შეეხება დასახელებულ კანდიდატებს, ისინი არიან: ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი თავმჯდომარე თამარ ჟვანია; ცენტრალური საარჩევნო კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი; “სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე და საარჩევნო საკითხების ექსპერტი მარიამ შელეგია.

როგორც „მედიაცენტრ მთავართან“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა აღნიშნა, დიდი ალბათობით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ისევ თამარ ჟვანია უხელმძღვანელებს.

მსგავსი თემები