“დიახ, ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური”- მამუკა ბახტაძე

“დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ორჯერ მოხდა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა. ორივე შემთხვევაში ჩვენ საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ შტურმი მიიტანეს საქართველოს პარლამენტზე და ორივე შემთხვევა დასრულდა უმძიმესი შედეგებით ჩვენი ქვეყნისთვის. ამან მოიტანა ავტორიტარიზმი, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, ძმათამკვლელი ომი, ეკონომიკური კოლაფსი და სრული ქაოსი ქვეყანაში. ჩვენ დღემდე ვგრძნობთ ამ უმძიმესი მოვლენების შედეგებს. ამის მცდელობა იყო მესამედ,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მტავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს იქნება პირველი მთავრობის სხდომა ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების შემდეგ, რის გამოც, ის მიმდინერე მოვლენების შეფასებით დაიწყება:

“დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ორჯერ მოხდა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა. ორივე შემთხვევაში აღმოჩნდა ისე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არ იყვნენ მოწოდების სიმაღლეზე. კონკრეტულად კი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვინაიდან ეს იყო მათი მოვალეობა, რომ მაშინ აღეკვეთათ ეს უმძიმესი სცენარი ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს არის სხვა მდგომარეობა – ჩვენ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ შევძელით, აგვეცილებინა ეს უმძიმესი სცენარი და ეს უმძიმესი გამოცდილება. აქედან გამომდინარე, მინისტრს, ისევე, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩემგან პირადად და საზოგადოების ყველა წევრისგან ეკუთვნის მადლობა და მხარდაჭერა.

ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქართველო შედგეს როგორც წარმატებული, ევროპული სახელმწიფო. ჩვენ ვაკეთებთ ამისთვის ყველაფერს, მაგრამ ამავდროულად თითოეულ ჩვენგანს კარგად უნდა გვახსოვდეს ჩვენი უახლესი ისტორია, თუ როგორ სარგებლობდა ყოველთვის საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტერი,”- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ რაც გავიარეთ, ეს იყო ძალიან მძიმე წუთები ქართული სახელმწიფოსთვის, თუმცა, პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, რადგან არჩევანი არ არსებობდა.

“ძალიან რთული წუთები იყო, თითოეული ქართველისთვის, თითოეული პატრიოტისთვის, ის, რაც ჩვენ გავიარეთ. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ, რომ ჩვენ გვყავს დაზიანებული მოქალაქეები, პოლიციელები და მათი ჯანმრთელობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, ვეხმარებით ჩვენს მოქალაქეებს, რამდენიმე მათგანი საზღვარგარეთ არის წასული სამკურნალოდ, საუკეთესო ჰოსპიტალებში. თუ ამის საჭიროება იქნება, ჩვენ ვიხილავთ შესაძლებლობას, რომ საქართველოში ჩამოვიყვანოთ საუკეთესო ექიმები და სპეციალისტები.

ეს იყო ძალიან დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ გვაქვს ინტენსიური კონსულტაციები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან და არ არსებობს არანაირი კითხვის ნიშანი იმ საკითხთან დაკავშირებით, იყო თუ არა ის ძალა ლეგიტიმური, რომელიც გამოვიყენეთ. მინდა გითხრათ, რომ დიახ, ძალის გამოყენება იყო ლეგიტიმური, ვინაიდან, სხვა გზა და არჩევანი არ არსებობდა. ამას ადასატურებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და საერთაშორისო პარტნიორი.

რა თქმა უნდა, ამასთან ერთად საზოგადოებას და ჩვენც, როგორც საზოგადოების ნაწილს გვაქვს კითხვის ნიშნები, რომ ხომ არ მოხდა რამდენიმე შემთხვევაში კონკრეტული სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტება. ვინაიდან ამის გარკვეული კადრებიც არსებობს და ეს ჩვენ ვიცით. მე კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო – ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ ჩვენ კონკრეტულ შეფასებას მივცემთ ყველაფერს. მიმდინარეობს გამოძიება, ტრანსფარენტულობის უმაღლესი ხარისხით. მასში ჩართული არის სახალხო დამცველის აპარატი და ჩვენ ვუზრუნველვყოფთ ამ გამოძიების ჩატარებას ტრანსაფრენტულობის ყველაზე მაღალი ხარისხით.

მე მსურს, დავუბრუნდე მთავარს, ჩვენ სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ოპოზიციის ნაწილისგან, იმ ხალხისგან, რომელმაც მოახდინა ამის პროვოცირება, მოახდინა ჩვენი მოქალაქეების სამართლიანი პროტესტის გამოყენება თავისი პროვოკაციული მიზნებისთვის, დღეს ამტკიცებდნენ სრულიად საწინააღმდეგოს. კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო, არცერთ საერთაშორისო პარტნიორს, შესაბამის კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებს არ აქვთ არანაირი კითხვის ნიშნები ძალის გამოყენების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. ეს არის ერთმნიშვნელოვანი.

ჩვენ დღეს ვართ სრულად ფოკუსირებული ჩვენი დაზარალებული მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და მთელი საზოგადოება უნდა ვიყოთ კონცენტრირებული იმაზე, რომ დროულად მოვიშუშოთ ეს იარები. ეს იყო ძალიან მძიმე წუთები თითოეული ჩვენგანისთვის და ქართული სახელმწიფოსთვის,”- განაცხადა პრემიერმა.  

მსგავსი თემები