“დიახ, საქართველო სუვერენული ქვეყანაა და მის კანონმდებლობას ყველამ პატივი უნდა სცეს” – აბაშიძე ზახაროვას პასუხობს

“დისკუსიაში შესვლის გარეშე, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ დიახ, საქართველო სუვერენული ქვეყანაა, ამიტომ ყველამ პატივი უნდა სცეს მის კანონმდებლობას”, – ასე გამოეხმაურა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას.

„რაც შეეხება ქალბატონ ზახაროვას კომენტარს, დისკუსიაში შესვლის გარეშე, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ დიახ, საქართველო სუვერენული ქვეყანაა, ამიტომ ყველამ პატივი უნდა სცეს მის კანონმდებლობას. ზოგადად ვფიქრობ, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი ამ საკითხის ირგვლივ საჭირო არ არის. ამ განცხადებაზე უფრო სიღრმისეულად შესვლა, არაფერს გვარგებს. ჩვენ ფორუმი კარგად მოვამზადოთ და რაც მთავარია, დავიცვათ ეს ბალანსი ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებებისა და კანონმდებლობის გათვალისწინებით“ ,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, არ აქვთ ინფორმაცია, თუ ვინ უხელმძღვანელებს რუსეთის ფედერაციის დელეგაციას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, რომლის გამართვაც მაისში თბილისში იგეგმება.

„ჩვენ ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ უხელმძღვანელებს რუსეთის ფედერაციის დელეგაციას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, რომელიც მაისში გაიმართება თბილისში. ჩვენი საგარეო უწყება ატარებს მოსამზადებელ სამუშაოებს. მუდმივად კავშირშია ევროპის საბჭოს შესაბამის სტრუქტურებთან და ვფიქრობ, რომ მაისამდე საკმაოდ ბევრი დროა დარჩენილი და ყველა საკითხი მოგვარდება. საქართველო წელს თავმჯდომარე ქვეყანაა ევროპის საბჭოში. ეს დიდი პატივიცაა და დიდი ვალდებულებაც. ჩვენ უნდა შევასრულოთ ყველა ის საერთაშორისო სტანდარტი, რომელიც დაწესებულია ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებით“ ,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ რადიოსადგურ „კამსამოლსკაია პრავდას“ ეთერში განაცხადა, რომ დისკუსია იმის შესახებ, თუ ვინ უხელმძღვანელებს რუსეთის დელეგაციას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოსალოდნელ შეხვედრაზე თბილისში, პროვოკატორების მიერ მათი ვიწრო ინტერესებით გამოიყენება.

მისივე თქმით, რუსეთი საქართველოს აღიქვამს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს საკუთარი ინტერესებით.

მსგავსი თემები