დიასპორების წარმომადგენელ 80 ქალს უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა

 

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატ რიმა ბერაძის ინიციატივით, ლოზუნგით “ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე”, 15 სხვადასხვა დიასპორის წარმომადგენელ 80 ქალს უფასო სამედიცინო კვლევა ჩაუტარდა.

აქცია ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა “ახალ სიცოცხლეში” გაიმართა, სადაც პაციენტებს  კონსულტაცია და კვლევები კლინიკის პროფესიონალმა ექიმებმა ჩაუტარეს.

როგორც მედიაცენტრ “მთავარს” თბილისის საკრებულოს პრესსამსახურში განუცხადეს, ლაბორატორიული კვლევის პარალელურად, პაციენტებმა, საჭიროების მიხედვით, კონსულტაცია შემდეგი პროფილის ექიმებთან გაიარეს: მამოლოგი, მეან-გინეკოლოგი, ოფთალმოლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ენდოკრინოლოგი, ნევროლოგი, თერაპევტი, ნევროლოგი. საჭიროების შემთხვევაში, ელექტროკარდიოგრაფიული, ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური გამოკვლევებიც ჩაუტარდათ.

დეპუტატ რიმა ბერაძის განცხადებით, მოქალაქეები ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარების თხოვნით წარმომადგენლობას ხშირად მიმართავენ და ამიტომ, სხვადასხვა პროფილის კლინიკებთან თანამშრომლობით, მსგავსმა აქციამ უკვე კამპანიური ხასიათი მიიღეს.

“მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია. დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა ჯანმრთელობის შენარჩუნების საწინდარია“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.

მისივე ინფორმაციით, მსგავსი უფასო სამედიცინო კვლევები კვლავაც გაგრძელდება.

მსგავსი თემები