დემოკრატიული მეთოდებით მართვა რთულია, ცდუნება არავის უნდა გაუჩნდეს – ბიძინა ივანიშვილი

მმართველი პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის აზრით, ღარიბი ქვეყნის დემოკრატიული მეთოდებით მართვა რთულია, მაგრამ ამ მეთოდების შეცვლის ცდუნება არავის უნდა გაუჩნდეს.

ბიძინა ივანიშვილის აზრით, დემოკრატიული მმართველობის მთავარი პრინციპი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის ყველა უფლება უნდა იყოს დაცული, მათ შორის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა ჰქონდეს ღირსეული სამუშაო ადგილი და ოჯახის ღირსეული შემოსავალი.

“ასეთ შემთხვევაში ერთადერთი რჩება ხელისუფლებას, სახელმწიფო უნდა იყოს ძალიან ძლიერი. ძლიერი არა ძალადობასა და შიშზე დაფუძნებით, რასაც აკეთებდა წინა ხელისუფლება, არამედ ხალხის ნდობით. ხელისუფლებას, სახელმწიფო სტრუქტურებს უნდა გააჩნდეს ხალხის მაქსიმალური ნდობა, რომ შეძლოს ასეთ რთულ სიტუაციაში, ასეთი დემოკრატიული მეთოდებით. ძლიერი სახელმწიფო თუ გნებავთ, მას ძლიერი მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს საზოგადოების. ასეთი სახლმწიფოს აშენება გვინდა და ამისთვის ვიღწვი მეც”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში.

მისი თქმით, ხალხმა უნდა დაინახოს, რომ ქირაობს ხელისუფლებას, რომელმაც მისი ყველა გაჭირვება იცის. ამისთვის კი მნიშვნელოვანია კადრების სწორად შერჩევა.

„ერთგულების ნიშნით ვეღარ მოხდება გუნდში დაწინაურება და ადგილების ხანგრძლივად დაკავება, მხოლოდ პროფესიონალიზმი და თავდადებული შრომა განსაზღვრავს კადრების ცვლას”- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

მსგავსი თემები