„დემილიტაციისა და დემარკაციის პროცესით ორივე მხარე კმაყოფილი უნდა იყოს“ – შეიხი „მთავარში“

„კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა, ნაწილი კი საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არის ორი ქვეყნის სადაო საკითხი, რაც ერთობლივმა კომისიამ უნდა გადაწყვიტოს. არცერთი მხარე არ უნდა დაზარალდეს,“ – აღნიშნული განცხადება შეიხმა რამინ იგიდოვმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა.

როგორც შეიხმა რამინ იგიდოვმა აღნიშნა, პოლიტიკური განცხადებები, რომელიც ქართული მხარის წარმომადგენლებისგან კეთდება, 2 ქვეყნის ურთიერთობისთვის საზიანოა.

„დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზეა, ნაწილი აზერბაიჯანის. ეს საბჭოთა პერიოდიდან ორი ქვეყნის სადავო საკითხია, რომელიც დღემდე გრძელდება. ჩემი აზრით, აუცილებელია შედგეს ორმხრივი კომისია, რომელიც საკითხს გადაწყვეტს და შესაბამისად, დემილიტარიზაციისა და დემარკაციის პროცესით ორივე მხარე კმაყოფილი იქნება. საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს რაც გვაწუხებს, არის ის, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი თუ სასულიერო პირები, მწვავე განცხადებებსა და შეფასებებს აკეთებს, რაც ორი ერის ურთიერთობას აზიანებს,“ – განაცხადა შეიხმა „მედიაცენტრ მთავარში“ და ყველას მოუწოდა, მწვავე განცხადებებისგან თავი შეიკავოს.

„ ჩვენ ვართ მოძმე და მეგობრული ქვეყნები და შესაბამისად, მსგავსი განცხადებებისგან ყველა თავს უნდა იკავებდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ხელისუფლების და სახელმწიფოს პოზიცია სულ სხვაა და ემთხვევა გარკვეული პირების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს“ – აცხადებს შეიხი.

მსგავსი თემები