დეკანოზი დავით ნოზაძე მარიხუანის ლეგალიზაციაზე რეფერენდუმის ჩატარებას მოითხოვს  

დეკანოზი დავით ნოზაძე მიიჩნევს, რომ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორც მარიხუანის ლეგალიზაცია, უნდა წყვეტდეს მთელი ერი და არა საკონსტიტუციო სასამართლოს 4 მოსამართლე.

მისივე თქმით, საჭიროა ჩატარდეს რეფერენდუმი და ჰკითხონ ქვეყნის მოსახლეობას, მათ რა ურჩევნიათ, იყოს მარიხუანის მოწევა ნებადართული თუ არა. სასულიერო პირი ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდებს ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ დაიცვან მომავალი თაობები ნარკოდამოკიდებულებისგან.

“მღვდლებს ყოველთვის გვსაყვედურობენ, სასულიერო პირები მარტო ეკლესიურად უდგებით საკითხსო. რელიგიური ადამიანი ხვდება, რომ ნარკოტიკის მოხმარება არის დანაშაული და იმასთან ბევრი ლაპარკი არ გვჭირდება. იცის, რომ ნებისმიერი თრობა, თუნდაც ღვინით, არის დანაშაული. ნარკოტიკი რელიგიად იქცა უკვე გარკვეული ჯგუფებისთვის. პრემიერიც, მინისტრებიცა და სასულიერო პირებიც, ვისაც უყვარს სამშობლო და ადამიანი, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ იყოს ნებადართული”, – განაცხადა დავით ნოზაძემ მედიაცენტრ “მთავარში” სტუმრობისას.

დავით ნოზაძე ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის წევრია და აცხადებს, რომ ჯგუფის მუშაობა ჯერჯერობით შეფერხებით მიმდინარეობს, თუმცა, აცხადებს, რომ მთავრობაში არიან ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მარიხუანის ლეგალიზაციის შესახებ კანონის მიღებას.

სასულიერო პირი ღვინოსა და ნარკოტიკს შორის განსხვავებაზეც საუბრობს: “ამბობენ, ღვინო თუ შეიძლება ნარკოტიკი რატომ არ შეიძლებაო. ჯერ ერთი, ღვინო აბსოლუტურად განსხვავდება მოსაწევისგან, ღვინით თრობაც ისევე აკრძალულია და ღვინით თრობის ქვეშ მყოფი ადამიანისთვის, თუ ის დანაშაულს ჩაიდებს, სასჯელი კიდევ უფრო მკაცრდება. ღვინო შემამსუბუქებელი კი არა, დამამძიმებელი გარემოებაა”, – აცხადებს დეკანოზი.

მისივე თქმით, “გირჩის” წევრები ხელისუფლებაში როცა იყვნენ, მაშინ არ ითხოვდნენ ნარკოდამოკიდებულების ციხიდან გათავისუფლებას. უფრო მეტიც, “მაშინ ადამიანის დაჭერა თუ უნდოდათ ნარკოტიკს უდებდნენ ჯიბეში”, – ამბობს დეკანოზი.

მსგავსი თემები