დევნილების 720 ოჯახი საცხოვრებელ ბინას ზუგდიდში მიიღებს

ზუგდიდში, დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა მიმდინარეობს. ბარამიას ქუჩაზე 6 კორპუსი შენდება და ბინას 720 ოჯახი მიიღებს. 3 კორპუსის მშენებლობა, კონტრაქტის მიხედვით, ზაფხულში უნდა დასრულდეს, დანარჩენის კი 2021 წლის დასაწყისში.   

​რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა, სამეგრელოს რეგიონში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. იგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, წყალარინების სისტემის მშენებლობის პროცესსაც გაეცნო. სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც მომავალი წელს დასრულება, აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს და მთლიანი ბიუჯეტი 137 მლნ ლარზე მეტია.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, ზუგდიდის მოსახლეობის 60 პროცენტი, წყალარინების სისტემის არარსებობის გამო, დღემდე ვერ სარგებლობს საკანალიზაციო სისტემით. პროექტი ქალაქის ამორტიზებული ქსელის   რეაბილიტაციას და 180 კილომეტრამდე წყალარინების სისტემის მოწყობას ითვალისწინებს, აშენდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი გამწმენდი ნაგებობაც, სადაც ჩამდინარე წყლების წმენდა სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით მოხდება. პროექტი შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას და შავი ზღვის აუზის დაბინძურების რისკებს. 

მათივე ინფორმაციით, ზუგდიდში საბავშვო ბაღის მშენებლობაც მიმდინარეობს. სკოლამდელი დაწესებულება 125 აღსაზრდელზეა გათვლილი და ეს პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით ერთი მილიონი ლარით ფინანსდება. 

მსგავსი თემები