დედაქალაქის გარკვეულ ზონებში 2021 წლიდან საბურავების, ჯართის,ამტვერებადი და ფეთქებადი მასალების რეალიზაცია აიკრძალება

“საცხოვრებელ და რეკრეაციულ ზონებში მეორადი საბურავების, ჯართის, „ამტვერებადი და ფეთქებადი მასალების რეალიზაცია 2021 წლის პირველი იანვრიდან აიკრძალება“ – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.მტვრის შემცირებისა და ადამიანების უსაფრთხოების დაცვისკენ მიმართული ახალი რეგულაციის შესახებ კანონპროექტის დროულად მომზადება და საკრებულოში გადაგზავნა კახა კალაძემ შესაბამის სამსახურებს დაავალა. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტის ინიციატივით, შეფუთვის გარეშე სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით სანქციების შესახებ ერთი წლის წინ მიღებულმა კანონმა ეფექტიანად იმუშავა და ამ დრომდე, სამართალდარღვევის 415 ფაქტი გამოვლინდა. მისივე თქმით, მოქმედი რეგულაციები საკმარისი არ არის და ქალაქში არსებული ეკოლოგიური გამოწვევების გათვალისწინებით, ახალი რეგულაციების მიღება აუცილებელია. „არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა.ჩვენ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დავიწყეთ. ვიცით, გამონაბოლქვის თვალსაზრისით, როგორ დისკომფორტს და პრობლემას წარმოადგენს ე.წ. ყვითელი ავტობუსები და მიკროავტობუსები. ეს პირდაპირ აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე, არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. პრობლემას წარმოადგენს ასევე, სამშენებლო მტვერი და ამ მიმართულებით, დაახლოებით, ერთი წლის წინ, პარლამენტში წარვადგინეთ კანონპროექტი, რომლითაც გათვალისწინებულია გარკვეული სანქციების ამოქმედება სამშენებლო მოედნებზე საშენი მასალების ქაოტურ განლაგებასა და შეფუთვის გარეშე ასეთი მასალების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. ამ კანონმა, როგორც მტვრის შემცირებისკენ გადადგმულმა კიდევ ერთმა ნაბიჯმა, ძალიან ეფექტიანად იმუშავა – ამ დრომდე გამოვლინდა სამართალდარღვევის 415 ფაქტი, აქედან 67 შემთხვევა სამშენებლო ობიექტებზე დაფიქსირდა. სამართალდარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმის საერთო თანხამ 197 800 ლარი შეადგინა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მსგავსი თემები