“დედამ ჩოლოიანს დახმარება სთხოვა ლუკას მოძებნაში, მაგრამ უარი მიიღო” – გარდაცვლილი მოზარდის ძმა

„დედაჩემმა პირველ რიგში მარიანა ჩოლოიანს დაურეკა და სთხოვა, დახმარებოდა შვილის მოძებნაში, მაგრამ უარი მიიღო“, – ამის შესახებ გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის ძმამ, ბექა სირაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბექა სირაძის განცხადებით, დაკითხვის მეორე დღეს, ლუკა ისევ ამტკიცებდა, რომ არ იყო დამნაშავე და ამის გამო, ანერვიულებული გავიდა სახლიდან:

„როდესაც ლუკა გაიქცა სახლიდან, დედაჩემმა პირველ რიგში დაურეკა მარიანა ჩოლოიანს და სთხოვა, მოეძებნა მისი შვილი და დახმარებოდა. ამაზე მიიღო უარი და უთხრა, – შენი მეორე შვილი ჩამოვიდეს გორიდან და იმან მოგაძებნინოსო (მე გორში ვიყავი). დედამ გაუმეორა კითხვა, არ შეგიძლიათ, რომ დამეხმაროთო?! და, – არაო! როგორც ვიცი, გარკვეული პერიოდის შემდეგ გადმოურეკა დედას ჩოლოიანმა და ჰკითხა, რამე ხომ არ გაგიგიაო?“ – განაცხადა ბექა სირაძემ.  

შეგახსენებთ, რომ ლუკა სირაძე 17 დეკემბერს გარდაიცვალა.  აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიამ ჩოლოიანი დააკავეს. მას ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებული დანაშაული, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.  

მსგავსი თემები