დაცულ ლანდშაფტში ენერგეტიკული ნაგებობის არსებობა დაუშვებელია, – ექსპერტები მთავრობის ინიციატივას იწუნებენ

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) მთავრობის ინიციატივას, რომლის მიხედვით, დაცულ ტერიტორიებზე შეიძლება ენერგეტიკული პროექტები განხორციელდეს, მხარს არ უჭერს. როგორც ორგანიზაციაში „მთავარს“ განუცხადეს, დაცული ტერიტორიების შექმნის არსი და მიზანი ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია და დაცვაა. რადგან ყველაზე მცირე მასშტაბის ენერგეტიკული პროექტიც კი ამის პირდაპირი საფრთხეა, ამ რისკზე წასვლა არ ღირს. ორგანიზაციაში ხაზი გაუსვეს, რომ საქართველოში ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წყარო ზუსტად დაცული ტერიტორიები და ლანდშაფტებია. გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტების მტკიცებით, მისი განადგურება უგუნურებასაც სცდება და დანაშაულს უტოლდება.

„მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე დარწმუნებულია, რომ დაცულ ლანდშაფტში ენერგეტიკული ნაგებობის არსებობა დაუშვებელია. გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტის განცხადებით, ინტენსიურად ხდება ზოგი ადგილის ამორიცხვა დაცულის ტერიტორიის ნუსხიდან, რაც დაუშვებელია.

„არ შეიძლება ლანდშაფტში რაიმე შეიცვალოს. იმის გამო, რომ დაცულ ტერიტორიაზე ენერგეტიკული ობიექტის მშენებლობა დაუშვებელია, დაიწყეს დაცული ტერიტორიიდან ზოგი ადგილის ამორიცხვა, რაც აგრეთვე მიუღებელია. თუ ეს ცვლილებები შევიდა ძალაში, ლანდშაფტი აღარ იქნება. ლანდშაფტი ნიშნავს გარემოს, რომელშიც კულტურული მემკვიდრეობის გარდა არაფერი არ უნდა იყოს“, – აცხადებს ჩხობაძე.

ინიციატივას არც პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა იწონებს.  კომიტეტი მხარს უჭერს “დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის იმ ნაწილს  რომელიც არაგვისა და თრუსოს დაცული ლანდშაფტების შექმნას ითვალისწინებს.

„გარემოს დაცვის კომიტეტი დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტუქტურული პროექტების განხორციელებას მხარს არ უჭერს. ასეთია ჩვენი პოზიცია. არსებობს იშვიათი გამონაკლისები – მაგალითად, საგურამოს დაცული ტერიტორია, სადაც ენერგეტიკული ხაზები გადადის. ეს არის იშვიათი გამონაკლისი, რომელსაც ცალკე რეგულაცია სჭირდება. ჩვენ კანონპროექტიდან ამ ჩანაწერის ამოღებას მოვითხოვთ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

პარლამენტი ხვალ, 10 აპრილს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს, რომლის მიხედვით, მთავრობის გადაწყვეტილებით, დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ენერგეტიკული მნიშვნელობის ობიექტისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა ხდება დასაშვები. საკითხზე პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში იმსჯელებენ. პროექტი ახალი დაცული ტერიტორიების – არაგვისა და თრუსოს დაცული ლანდშაფტების შექმნასაც ითვალისწინებს. საკანონმდებლო პაკეტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა. პროექტის ინიციატორია მთავრობა.

მსგავსი თემები